კელი დეგნანის განცხადებით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის მიმართულებით საქართველოს დასახმარებლად მნიშვნელოვანი პროგრამები ხორციელდება
საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს გამართულ ონლაინპრესკონფერენციაზე სოფლის მეურნეობისა და სურსათის უვნებლობის კუთხით საქართველოსადმი აშშ-ს დახმარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები და პროგრამები ხორციელდება.
მისი ინფორმაციით, სოფლის მეურნეობის დარგში პროგრამები და პროექტები აქვს, როგორც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ასევე აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტს.
„აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის პროგრამის ფარგლებში მოხდა 27 ათასი ტონა ხორბლის საჩუქრად გადაცემა საქართველოს მთავრობისთვის, კორონავირუსით გამოწვეულ კრიზისში მხარდასაჭერად. გარდა ამისა, პროექტი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა ხორბლის გადაცემა – „სურსათი პროგრესისთვის“ მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას, რომელიც ეხმარება ფერმერებს და სოფლის მეურნეობის განვითარებას უჭერს მხარს. ასევე USAID-ს აქვს პროგრამა ინოვაციური სოფლის მეურნეობის განვითარება, რომელიც ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „კოვიდ-19“-ის კრიზისის პირობებში ის ინოვაციური გრანტები, რაც მოხმარდება სხვადასხვა მიმართულების განვითარებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, ერთად ელჩმა თხილის მოსავალთან დაკავშირებული დახმარებაც აღნიშნა.
„მნიშვნელოვანია ჩვენი დახმარება ასევე ისეთ სექტორში, როგორიც არის თხილის მოსავალი. მოგეხსენებათ წინა წლიდან მოყოლებული ამ მიმართულებით აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. სულ ბოლოს USAID-ის მეშვეობით დაახლოებით 800 ათასი დოლარის ოდენობის აღჭურვილობა, საჭერები გადაეცა ფაროსანას წინააღმდეგ, რათა ფერმერებმა მიიღონ უხვი მოსავალი, რაც მნიშვნელოვანია მათი ოჯახებისთვის და ასევე ექსპორტის განვითარებისთვის. ეს გახლავთ მცირე მაგალითი იმისა, რასაც ჩვენი საელჩო და სხვადასხვა სააგენტო ახორციელებენ სოფლის მეურნეობის მიმართულებებით“, – განაცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა.