კელი დეგნანი - ზოგიერთი მნიშვნელოვანი მუხლი ჯერ არ არის შეტანილი კანონმდებლობაში, ვიმედოვნებთ, ეს საკითხები იქნება საარჩევნო რეფორმაში
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ საარჩევნო კანონმდებლობაში ჯერ არ არის შეტანილი ზოგიერთი მნიშვნელოვანი მუხლი, რომლებიც ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) რეკომენდაციებს ეფუძნება.
„იმედი გვაქვს, რომ შეთანხმება შესრულდება და ასევე მიღებული იქნება საკონსტიტუციო ცვლილებები, ისევე, როგორც საარჩევნო რეფორმის კანონმდებლობა, რომელიც ახლა პარლამენტშია და მოიცავს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ზოგიერთ და არა ყველა რეკომენდაციას, იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა ჩაატაროს საქართველომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ოქტომბერში. ჩვენი მოსაზრებით, ზოგიერთი მნიშვნელოვანი მუხლი არ არის შეტანილი კანონმდებლობაში ჯერ და იმედი გვაქვს, რომ ეს მუხლები იქნება რეფორმაში, რაც მისცემს ამომრჩევლებს გარანტიას, რომ შეუძლიათ ხმა მისცენ ჩარევისა და ზეწოლის გარეშე, სამართლიან გარემოში, რათა სანდო შედეგები იყო ამ ოქტომბერში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
კითხვაზე, რამდენად ასრულებენ მხარეები 8 მარტის შეთანხმებას, კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ორივე მხარე ცდილობს საკუთარი ნაწილის შესრულებას.
„ოპოზიცია ცდილობს, შეთანხმების საკუთარი ნაწილის შესრულებას, ისევე, როგორც მმართველი პარტია ცდილობს, შეასრულოს თავისი ნაწილი. ამ შეთანხმებაში ორი ნაწილია. ჩვენ, ამერიკის შეერთებულ შტატებს გვსურს, ვიხილოთ, რომ კონსტიტუციური ცვლილებები მიღებული და დამტკიცებულია მთელი პარლამენტის მიერ, რათა საქართველოს სრულად და წარმატებულად ჰქონდეს შესრულებული 8 მარტოს შეთანხმება“, – დასძინა კელი დეგნანმა.