ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მან აშშ-ის მაგალითზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამერიკაში დებატები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისათვის, რომ ამომრჩეველმა პარტიებისგან ინფორმაცია მიიღოს.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს, ასევე ვეცნობით იმ ანგარიშებს, რასაც აქვეყნებს სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირებლო ორგანიზაცია, რომლებსაც საშუალება აქვთ, უშუალოდ მოსახლეობასთან ჰქონდეთ კავშირი. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც ისმის ისეთი შემთხვევების შესახებ, ვთქვათ როგორიც არის მაგალითად, ამომრჩეველთა დაშინება, ვთქვათ სხვადასხვა რესურსის გამოყენება და ა.შ. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა და შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა განხორციელდეს და მიღებული კანონმდებლობა აღსრულდეს. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. ასევე, მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება. რაც შეეხება კოვიდს, მე როგორც ვიცი, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამზადებს გარკვეულ ღონისძიებებს და მიიღებს ზომებს, იქნება ეს ადგილობრივ საარჩევნო უბნებსა თუ სხვაგან, რათა ხმის მიცემა განხორციელდეს უსაფრთხოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა მოუსმინოს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას და მათ პლატფორმას. აშშ-ში დებატები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომ ამომრჩეველმა პარტიებისგან სხვადასხვა ინფორმაცია მიიღოს. მე ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ასევე, ელჩმა ყურადღება გაამახვილა წინასაარჩევნო კვლევების მნიშვნელობაზე. მისი თქმით, ასეთი კვლევები მნიშვნელოვანია პარტიებისთვისაც, რათა მათ თავიანთი საარჩევნო პროგრამები მოსახლეობის პრიორიტეტებს მოარგონ.
„ეს კვლევები არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით ისეთი ორგანიზაციებისგან, როგორიც არის „ედისონ რისერჩი“, ასევე, როგორც ვიცი, მალე „აირაი“ გამოაქვეყნებს კვლევის შედეგებს. აღნიშნული კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია არა მარტო ამომრჩევლებისთვის, არამედ თავად პოლიტიკური პარტიებისათვის, რათა მათ იცოდნენ მოსახლეობის მოსაზრებები, შეხედულებები და შემდეგ მათ პრიორიტეტებს მოარგონ საკუთარი საარჩევნო პროგრამები. შესაბამისად, ნებისმიერი კვლევა, რომელიც ტარდება კარგი რეპუტაციის მქონე ორგანიზაციების მიერ, პასუხისმგებლიანად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ საარჩევნო პერიოდში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.