კელი დეგნანი - ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას, გზას უხსნის ქვეყანაში დაპირისპირებასა და დაბნეულობას
12:33, 28.10.2020
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ოც წელზე მეტია, უჭერს მხარს საქართველოში არჩევნების ჩატარების პროცესს.
კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ აშშ-მა მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს, ასევე აშშ ეხმარება პარლამენტს, განავითაროს საარჩევნო კანონმდებლობა.
ამასთან, კელი დგენანის თქმით, განსაკუთრებით იმუშავეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა პანდემიის მიუხედავად, ამომრჩევლებმა ხმა უსაფრთხო გარემოში მისცენ, ასევე დაცული იყოს მათი პირადი ინფორმაცია პოტენციური კიბერშეტევებისგან.
„აშშ-მა მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური დახმარება გაუწია საქართველოს, ისევე როგორც ქვეყნებს მსოფლიოს გარშემო. როგორც თქვით, საქართველოში ჩვენ ოც წელზე მეტია, ვუჭერთ მხარს არჩევნების ჩატარებას. ვთანამშრომლობთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, მისი სისტემებისა და პროცედურების შესაქმნელად. ვეხმარებით საკანონმდებლო ორგანოს, განავითაროს საარჩევნო კანონმდებლობა, რომელიც აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. ჩვენ ვეხმარებით პოლიტიკურ პარტიებს თავიანთი პლატფორმებისა და პროგრამების ამომრჩეველთა პრიორიტეტებზე ფოკუსირებაში, ნაცვლად ამ ძალიან გამყოფი ინდივიდების პოლიტიკისა.
წელს, ასევე განსაკუთრებით ვიმუშავეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან, რათა კოვიდპანდემიის მიუხედავად, უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩევლის ხმის მიცემა უსაფრთხო გარემოში, დაცული იყოს ამომრჩეველი და მისი პირადი ინფორმაცია პოტენციური კიბერშეტევებისგან, ასევე ვეხმარებით ცესკო-ს თავიანთი სისტემების გაძლიერებაში, დეზინფორმაციის კამპანიის სახით არსებული უცხოური ჩარევებისგან თავდასაცავად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
დეგნანის განმარტებით, აშშ ასევე ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს ადგილობრივ, თუ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებთან.
„ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ. ასევე, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, როგორიცაა საია, ISFED, საერთაშორისო გამჭვირვალობა და PMMG, საერთაშორისო ორგანიზაციები, როგორიცაა IRI, NDI და IFES, ისინი ძალიან პატივსაცემი, პროფესიონალური ორგანიზაციებია, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნებისმიერ არჩევნებში, აკვირდებიან თვით საარჩევნო კამპანიის პერიოდს, აფიქსირებენ დარღვევებს და უზრუნველყოფენ, რომ ქართველებმა საარჩევნო კამპანიის წარმოება და ხმის მიცემა უსაფრთხო, დაცულ გარემოში შეძლონ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
გარდა ამისა, კელი დეგნანი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, თუ როგორი არჩევნების ხილვა სურს საქართველოში.
„მსურს, ვნახო კანდიდატები, რომლებიც ყურადღებას ამახვილებენ იმის ახსნაზე, როგორ შეასრულებენ ამომრჩეველთა პრიორიტეტებს, როგორიცაა: სამუშაო ადგილების შექმნა და ზრდის სტიმულირება. ვისურვებდი, რომ დასრულდეს ინდივიდების პოლიტიკა, რომელიც ასე ჰყოფს ქართულ საზოგადოებას და გზას უხსნის, დათესოს დაპირისპირება და დაბნეულობა ქვეყანაში. მსურს, ვნახო მშვიდი და წყნარი გარემო არჩევნებისა და მის მომდევნო დღეს, რათა ხალხმა უსაფრთხოდ მისცეს ხმა. მე მსურს, ამ შაბათს ვიხილო ამომრჩეველთა ძალიან მაღალი აქტივობა“, – აცხადებს კელი დეგნანი.