კელი დეგნანი - ვიმედოვნებ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელის განხილვამდე, ახალი კანდიდატების დამტკიცება-დანიშვნა არ მოხდება
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს შეხვდა.
როგორც შეხვედრის შემდეგ ელჩმა ჟურნალისტებს განუცხადა, შალვა პაპუაშვილთან რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილა, მათ შორის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი.
კელი დეგნანის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ახალი სახელმწიფო ინსპექტორი სათანადო ვადებში დაინიშნება.
ამასთან, ელჩი იმედოვნებს, რომ ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელის სარჩელს არ განიხილავს, მანამდე ახალი კანდიდატების დამტკიცება-დანიშვნა არ მოხდება.
„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან. შეხვედრისას განვიხილეთ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის მისი ვიზიტი ნატო-ში, შეხვედრები ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში. შეხვედრაზე ასევე განვიხილეთ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და მონაცემთა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელების დანიშვნის საკითხი. იმედი გამოვთქვით, რომ ეს პროცესი წარიმართება სათანადოდ იმ ვადების ფარგლებში, რაც არის გათვალისწინებული კანონით, რადგან აღნიშნულ სამსახურებს ძალიან დიდი დატვირთვა აქვს ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ვსაუბრობთ პირადი მონაცემების დაცვაზე, როცა ონლაინ არის ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია განთავსებული. სახელმწიფო ინსპექტორის ოფისის მნიშვნელობა დიდია ადამიანის უფლებების მიმართულებით. იმედი გვაქვს, რომ ხელმძღვანელებად შეირჩევიან დამოუკიდებელი კანდიდატები, რომელთაც აქვთ სათანადო კვალიფიკაცია და ეს პროცესი ნაჩქარევად წარმართული არ იქნება.
ასევე, მოგეხსენებათ, საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილია სარჩელი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან დათხოვნასთან დაკავშირებით, მაშინ, როდესაც მას კანონით განსაზღვრული ჰქონდა კიდევ სამი წელი, მის წინააღმდეგ არ ყოფილა გარკვეული ტიპის საჩივარი ან სხვა რაიმე პრეტენზია. იმედს გამოვთქვამთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამასთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას და ახალი კანდიდატების დამტკიცება-დანიშვნა არ მოხდება, ვიდრე საკონსტიტუციო სასამართლოს არ ექნება შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილება გამოიტანოს“, – განაცხადა დეგნანმა.