კელი დეგნანი - ვიდრე ქართველები არ დაინახავენ კონკრეტულ მოქმედებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, კრემლის განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს
ვიდრე ქართველები არ დაინახავენ სანდო მოქმედებებს, კონკრეტულ მოქმედებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, კრემლის განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ის გამოეხმაურა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის გუშინდელ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, „საქართველოს თუ სურს რუსეთთან, როგორც მეზობელთან, ნორმალური ცხოვრება, მოსკოვი მზად არის ურთიერთობების აღსადგენად“.
„საქართველოს მოსახლეობას სულ ესმის განცხადებები კრემლიდან. მათ ექნებათ სანდოობა იმ შემთხვევაში, თუ გავლენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და შეცვლიან ცხინვალის და აფხაზეთის აღიარებას, თუ შეასრულებენ 2008 წელს აღებულ ვალდებულებას. მე ვერ ვხედავ ამ მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს. ჯერ კიდევ არის შეზღუდვები ბაზრებზე. ვფიქრობ, რომ ვიდრე ქართველები არ დაინახავენ სანდო მოქმედებებს, კონკრეტულ მოქმედებას ოკუპირებული ტერიტორიების მიმართულებით, კრემლის განცხადებებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.