კელი დეგნანი - ვფიქრობ, ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას სურს, დეპუტატთა ენერგია მიმართული იყოს ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ინკლუზიურად მუშაობისკენ, 12 რეკომენდაციის შესასრულებლად
ჩემი, როგორც აშშ-ის ელჩის როლი არის აშშ-ის პოლიტიკის განხილვა და ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ აშშ ძალიან ბევრს მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის არაპროვოცირებული ომი არ გავრცელდეს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურად, რათა შევეცადოთ ეს ომის რაც შეიძლება მალე შევაჩეროთ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ელჩს კითხვა დაუსვეს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატების მხრიდან მისი მისამართით გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებზე.
დეგნანის თქმით, აშშ წლების განმავლობაში მუშაობდა მათ შორის, საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად იმისგან განურჩევლად, თუ რომელი პარტია იყო ხელისუფლებაში.
„ვიცი, რომ საქართველოში დიდი ყურადღებაა მიმართული და ზოგჯერ ადამიანები ამ გარემოში ემოციური ხდებიან, თუმცა 30 წლის განმავლობაში აშშ საქართველოსთან ერთად მუშაობდა როგორც ყველაზე ძლიერი თუ არა, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ წლების განმავლობაში ვმუშაობდით იმისგან განურჩევლად, თუ რომელი პარტია იყო ხელისუფლებაში, საქართველოს უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოს თავდაცვითი ძალების, სასაზღვრო პოლიციის, სანაპირო დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვის, განათლების გასაძლიერებლად, ეკონომიკის დივერსიფიცირების დასახმარებლად. ჩვენ მხარს ვუჭერდით საქართველოს წლების განმავლობაში საქართველოს მოსახლეობისთვის ყველაზე პრიორიტეტულ საკითხში – რაც არის, გახდეს სრულად უსაფრთხო, სტაბილური, დემოკრატიული ქვეყანა ევროატლანტიკური ქვეყნების ოჯახის ფარგლებში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის თქმით, ფიქრობს, რომ ქართველების აბსოლუტური უმრავლესობა ისურვებდა, ენთუზიაზმი და ენერგია მიმართული იყოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიურად მუშაობისკენ ევროპული საბჭოს 12 რეკომენდაციის შესასრულებლად.
„შესაქებია, როდესაც პარლამენტის ნებისმიერ წევრს ადარდებს თავისი ელექტორატი, ეს მნიშვნელოვანია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ დეპუტატების ამომრჩევლები აფასებენ ინტერესს, რომელიც გამოვლინდა. ქართველების აბსოლუტურ უმრავლესობას მთავარ პრიორიტეტად აქვს განსაზღვრული ევროკავშირში გაწევრიანება. ასე რომ, ვფიქრობ, ისინი ისურვებენ, რომ ენთუზიაზმი და ენერგია მიმართული იყოს ოპოზიციასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და დაინტერესებულ მხარეებთან ინკლუზიურად მუშაობისკენ ევროპული საბჭოს ამ 12 რეკომენდაციის შესასრულებლად, რაც არის საქართველოსთვის ბილეთი კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად. ეს არის პრიორიტეტი ქართველი ხალხისთვის და ვფიქრობ, ისინი ელოდებიან, რომ ეს იქნება პრიორიტეტი პარლამენტის წევრებისთვისაც. ჩემი, როგორც აშშ-ის ელჩის, როლი არის აშშ-ის პოლიტიკის განხილვა და ამასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა, რომ აშშ ძალიან ბევრს მუშაობს, რათა თავიდან აიცილოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის არაპროვოცირებული ომი არ გავრცელდეს საქართველოში ან ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. ჩვენ ვმუშაობთ ყოველდღიურად, რათა შევეცადოთ ეს ომის რაც შეიძლება მალე შევაჩეროთ. პუტინმა დაიწყო ეს ომი და პუტინს შეუძლია მისი დღესვე შეჩერება. ის, რისთვისაც აშშ მუშაობს, არის მშვიდობისა და სტაბილურობის აღდგენა, რომ ჩვენ შეგვეძლოს მუშაობის გაგრძელება, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საქართველოს მომავლისთვის ევროკავშირში, ნატო-ში, ერების ევროატლანტიკურ ოჯახში ყველა იმ სფეროში, რომელშიც ჩვენ ბოლო 30 წლის განმავლობაში საქართველოსთან ასე მჭიდროდ ვმუშაობდით, ასეთი კარგი თანამშრომლობით განურჩევლად იმისა, თუ რომელი პარტია იყო ხელისუფლებაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.