კელი დეგნანი - ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა და გაიწვია კანონები
ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა და გაიწვია კანონები, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ქუჩებში ხალხი იყო გამოსული ევროპისკენ მათი სწრაფვის სურვილის გამოსახატად და აქციები იყო სხვა ქალაქებშიც.
„ვფიქრობ, ეს იყო ქართველი ხალხის ძალიან მკაფიო დემონსტრირება, რომ მათ გააკეთეს მკაფიო, მტკიცედ გადაწყვეტილი არჩევანი, რომ მათი გზა არის ევროპა და ნებისმიერი რამ, რაც მათ ამ გზიდან ააცილებს, რაც მათ ამ გზიდან მიმართულებას შეაცვლევინებს, არ არის მისასალმებელი ქართველი ხალხისთვის. ვფიქრობ, ჩვენ დავინახეთ, რომ მთავრობამ შეისმინა თავისი ხალხის ხმა და გაიწვია ეს კანონები.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ჩვენ ვთვლით, რომ რეგიონები არის ძალიან მნიშვნელოვანი, არის ის მდიდარი წვლილი, რომელთა შეტანაც რეგიონებს შეუძლიათ მთავრობის პოლიტიკაში – თქვენი გამოწვევები, თქვენი პრიორიტეტები, თქვენი ოცნებები უნდა იყოს წარმოდგენილი თბილისში.
ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ვიმყოფები დღეს აქ, არა მხოლოდ ამერიკული თაროს გახსნაა, არამედ ასევე აქ, ახალქალაქში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან ტრენინგების ჩატარებაა, რათა უკეთესად გავიგოთ, არის თუ არა ჩვენი პროგრამები გამოყენებული მათთვის. ვიცი, რომ ზოგიერთებს სურთ უფრო მეტი გამჭვირვალობა, ჩვენ გვაქვს ძალიან გამჭვირვალე პროცესი, თუ როგორ გამოიყენება აშშ-ის დახმარება საქართველოში და ეს არის ამ პროცესის ნაწილი, იმის უზრუნველყოფა, რომ პარტნიორები, რომლებიც მუშაობენ ჩვენთან ერთად, რათა გააუმჯობესონ პირობები დასახლებებში მთელი ქვეყნის მასშტაბით, აცნობიერებენ ჩვენს პროცესს, რას უჭერს მხარს ამერიკა. აცნობიერებენ, რომ ჩვენ აქ ვართ ქართველი ხალხის მხადასაჭერად თქვენი მუშაობის პროცესში, თქვენი ოცნებების ასრულებაში, ააშენოთ თქვენი დემოკრატია“, – განაცხადა დეგნანმა.
მისივე თქმით, აშშ-ს სურს, მხარი დავუჭიროთ სამოქალაქო საზოგადოებას, რადგან ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს მოქალაქეებს, გააუმჯობესონ პირობები დასახლებებში.
„ეს მარტივია – ისინი არიან ქართველები, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს. თუ აშშ-ს შეუძლია ამის მხარდაჭერა ფინანსური ან რამე სხვა სახის დამხმარებით, ჩვენ ამაყი და მოხარული ვართ, ეს გავაკეთოთ“, – განაცხადა დეგნანმა.
კითხვაზე, არასამთავრობო ორგანიზაციები რეგიონში უფრო ძლიერები არ არიან, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოში მისი მოგზაურობისას გამოცდილება აჩვენებს, რომ მთელი ქვეყნის ფარგლებში მუშაობენ ძალიან აქტიური, ძლიერი, ეფექტიანი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცები, არასამთავრობო ორგანიზაციები.
„ზოგჯერ რეგიონებში ისინი უფრო ძლიერები არიან, რადგან მათ აქვთ ნაკლები რესურსი და უფრო საკუთარი თავის იმედად არიან, თუმცა ისინი ასევე უფრო მეტად არიან ჩართული იმაში, რაც დასახლებებში ადგილობრივ მოსახლეობას სჭირდება. ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელთაც, მე სიამოვნება მქონდა, საქართველოში მოგზაურობისას გავსაუბრებოდი, დავინახე ნამდვილი ვნება, ერთგულება და თავდადება. რეგიონებში არსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სამოქალაქო საზოგადოებამ ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.