კელი დეგნანი - ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები
ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები და სრულად უგულებელყო ისინი აფხაზეთში ჩასვლით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში სერგეი ლავროვთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჟურნალისტი დაინტერესდა, ევროსაბჭოს მინისტერიალის საქართველოში ჩატარების შემთხვევაში, უნდა შემოეშვათ თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში იმ ფონზე, როცა მას არაერთხელ აქვს დარღვეული საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ის, თუ სად ჩატარდებოდა მინისტერიალი, საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია.
მისივე თქმით, ღონისძიების სტრასბურგში ჩატარება არ არის უპრეცედენტო მოვლენა.
„თუკი მან გადაწყვიტა, რომ ღონისძიება ჩატარდეს სტრასბურგში, არ მგონია, ეს უპრეცედენტო მოვლენა იყოს. ადრეც მომხდარა. ყოფილა პრეცედენტი. როგორც ვიცი, რუსეთი არ აპირებდა მკაფიოდ ეთქვა, ვის გამოგზავნას გეგმავდა დელეგაციის ხელმძღვანელად. ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა მიეცა საქართველოს ხელისუფლებას საქართველოში შემოსვლის ნება პირისთვის, ვინც არაერთხელ დაარღვია საქართველოს კანონები და სრულად უგულებელყო ისინი აფხაზეთში ჩასვლით. ეს საქართველოს აყენებს პოზიციაში, როცა არ წარმომიდგენია, როგორ შეძლებდა ქვეყანაში შემოსვლის ნება დაერთო მისთვის. ეს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაა, თუმცა ღონისძიების სტრასბურგში ჩატარება არ არის უპრეცედენტო მოვლენა“, – განაცხადა დეგნანმა.