კელი დეგნანი - ვამაყობ, რომ ვარ აშშ-ის ელჩი ქვეყანაში, რომელიც დემოკრატიული ღირებულებების დაცვის ერთგულია და აქვს სურვილი, საკუთარი მოქალაქეებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის ინტენსიურად იმუშაოს
ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ, რომ საქართველოს უწევს ცხოვრება რთულ სამეზობლოში და მნიშვნელოვან სამუშაოს ვახორციელებთ, რათა ქვეყანას გაუძლიერდეს მედეგობა საზიანო ზეგავლენებთან მიმართებაში, მათ შორის მოიაზრება კიბერუსაფრთხოება და დეზინფორმაციის გავრცელება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ-ის მტკიცე ერთგულება უსაფრთხოების თანამშრომლობისა, არის განუყოფელი ნაწილი ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის.
„უსაფრთხოება კიდევ ერთი სფეროა, რომელშიც წლების მანძილზე მიმდინარე ძალიან ინტენსიურმა სამუშაოებმა, ტრენინგებმა, სწავლებებმა და რეფორმება, შედეგად მოგვცა თანამედროვე, უნარიანი, პროფესიონალური თავდაცვის ძალები, რომელთან თანამშრომლობით აშშ ამაყია. აშშ ამაყად პარტნიორობს მათთან და მსახურობს ნებისმიერ ადგილას. ასევე, მსურს, აღვნიშნო ის მართლაც უმნიშვნელოვანესი როლი, რაც შეასრულეს თავდაცვის ძალებმა და სამართალდამცველმა სააგენტოებმა კრიზისის დროს. კრიზისის რეაგირებაში მათი როლი მართლაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო. ასევე მსურს, აღვნიშნო, რომ აშშ თავდაცვის ძალები და აშშ-ს საზღვაო ქვეითების დანაყოფი მზად არიან, რომ აღადგინონ წვრთნები ქართულ თავდაცვის ძალებთან, მას შემდეგ, რაც მოიხსნება კოვიდ-19-თან დაკავშირებული შეზღუდვები. ფაქტობრივად, საზღვაო ქვეითთა კონტინგენტი საქართველოში ემზადება, რომ გაემგზავროს ავღანეთში ქართველ ჯარისკაცთა დანაყოფთან ერთად ზაფხულში. როგორც ხედავთ, მეგობრობა ჩვენს ქვეყნებს შორის ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს. მე ძალიან ვამაყობ, რომ ვარ აშშ-ის ელჩი ქვეყანაში, რომელიც არის ერთგული დემოკრატიული ღირებულებების დაცვისა, რომელსაც ჩვენ ვიზიარებთ და მას აქვს სურვილი, გააგრძელოს ინტენსიური მუშაობა, რათა გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი საკუთარი მოქალაქეებისთვის“, – განაცხადა ელჩმა.