კელი დეგნანი - ვამაყობ, რომ ქართველ მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ აშშ-ის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აშშ-ის დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ღონისძიება ამერიკის ელჩის რეზიდენციაში იმართება.
პანდემიის ფონზე ღონისძიება შეზღუდულ ფორმატში იმართება.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განაცხადებით, დამოუკიდებლობის დღეს ქართველ მეგობრებთან ერთად აღნიშნავს.
„ძალიან მოხარული ვარ, ძალიან ვამაყობ, რომ ქართველ მეგობრებთან ერთად დღეს აღვნიშნავთ ამერიკის დამოუკიდებლობის 245-ე წლისთავს. სამწუხაროდ, პანდემიის გამო ის დიდი ღონისძიება, როგორც გვაქვს ხოლმე, ყოველწლიურად ვერ ჩატარდა, თუმცა დიდი იმედი გვაქვს, ამის შესაძლებლობა გვექნება მომავალ წელს.
დღეს აღვნიშნავთ ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ხელმოწერას და დღევანდელ დღეს ჩვენ ვაფასებთ იმ თავისუფლებას, რისთვისაც ბევრმა ჩვენგანმა, ამერიკელმა იბრძოლა და ბევრი დაიღუპა კიდეც. ამავდროულად, ჩვენ ეს დღე ღრმად გვაფიქრებს იმ პრივილეგიებზე, რასაც ხშირად ბუნებრივ მოცემულობად მივიჩნევთ ხოლმე და ეს პრივილეგიებია ჩვენი თავისუფლება, ინდივიდუალური უფლებები და ღირებულებები. უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ერთგულება დამფუძნებელი პრინციპების მიმართ, რაც გახლავთ თავისუფლება, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და პირადი უფლებები. ეს ის ღირებულებებია, რასაც ვიზიარებთ ჩვენ საქართველოსთან და აქედან გამომდინარე, ძალიან გვიხარია, რომ ამ დღეს ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წლის 4 ივლისს მიიღო. წელს აშშ დამოუკიდებლობის 245-ე წელს აღნიშნავს.