კელი დეგნანი - ნამდვილად სასარგებლო იქნება, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები, უკრაინისა და საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის საფრთხის წინააღმდეგ
უკრაინისთვის და საქართველოსთვის ბევრად მნიშვნელოვანი იქნება, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ახლა ნამდვილად სასარგებლო იქნება, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები და აღნიშნა, რომ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი.
„უკრაინასა და აქ, საქართველოში გარკვეულ ადამიანებს შორის ურთიერთბრალდებების საკითხს რაც შეეხება, მე არ მომისმენია, რომ რომელიმე პოლიტიკური ლიდერი ცდილობს, ჩაითრიოს საქართველო ამ ომში. სინამდვილეში, მე მოვისმინე, რომ ადამიანები არიან ძალიან ფრთხილი და ძალიან სენსიტიური იმ ფაქტთან მიმართებაში, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უკვე განთავსებულია რუსული ძალები. საქართველომ უკვე გამოიარა თქვენს მოქალაქეებზე რუსეთის ძალების თავდასხმისა და თქვენი ტერიტორიის ოკუპაციის მტკივნეული გამოცდილება. ასე რომ, ვფიქრობ, ნამდვილად სასარგებლო იქნება ახლა, როდესაც ყველა ერთად უნდა დადგეს ყველასთვის, შეწყდეს ერთმანეთზე თავდასხმები. ამგვარ დაპირისპირებას მხოლოდ რუსეთისთვის მოაქვს სარგებელი. ამგვარი თავდასხმები საქართველოს ნაწილებად ანგრევს. ეს არის დეზინფორმაცია, რომელიც მხოლოდ რუსეთს აბედნიერებს და მხოლოდ რუსულ მიზნებს ემსახურება. ასე რომ, ბევრად მნიშვნელოვანი იქნება უკრაინისთვის, საქართველოსთვის, რომ დადგნენ ერთად სასტიკი მეზობლის, რუსეთის საფრთხის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს, წაგართვათ თქვენი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, კელი დეგნანმა ისაუბრა საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერაზე. აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ აშშ დიდი ხანია, მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„ჩემი ქვეყნის ლიდერებმა, მათ შორის პრეზიდენტმა ბაიდენმა ძალიან მკაფიოდ განაცხადა, რომ საქართველო არის აშშ-ის მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ სერიოზულად ვუდგებით საქართველოს მოწყვლადობას მაშინ, როდესაც რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინას. ჩვენ დიდი ხანია, მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ვაგრძელებთ ამის კეთებას.
ჩვენ ახლა აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს. 30 წლის განმავლობაში ჩვენ ვმუშაობთ, რომ დავეხმაროთ საქართველოს თავდაცვის ძალებს, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურებს, გახდნენ უფრო ძლიერი, რათა დაიცვან საქართველოს საზღვრები. ეს არის სანაპირო დაცვა, სასაზღვრო პოლიცია, საქართველოს თავდაცვითი ძალები, ეროვნული გვარდია. ყველა მათგანი არის ბევრად ძლიერი, ბევრად უნარიანი, არა მხოლოდ აშშ-სთან ერთად უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობით, არამედ ავღანეთსა და ერაყში აშშ-სთან ერთად მსახურებით. ასე რომ, ვიტყოდი, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოსადმი რჩება ძალიან ძლიერი და ჩემი ლიდერები ამის შესახებ მკაფიოდ აცხადებენ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.