კელი დეგნანი - თბილისში კენ ვოლკერის კლინიკის გახსნა არის საუკეთესო ნიმუში, რამდენად კარგად რეაგირებს საქართველოს მთავრობა გამოწვევებზე, მათ შორის, კორონავირუსის პანდემიაზე
ეს არის საუკეთესო ნიმუში იმისა, თუ რამდენად კარგად რეაგირებს საქართველოს მთავრობა ამ გამოწვევებზე, მათ შორის, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე, – ამის შესახებ აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა კენ ვოლკერის სახელობის სამედიცინო რეაბილიტაციის საუნივერსიტეტო კლინიკის გახსნაზე განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ახალი, მაღალტექნოლოგიური ინფრასტრუქტურით აღჭურვილი სამედიცინო-სარეაბილიტაციო კლინიკა არის ის ოცნება, რომელიც კენ ვოლკერს 25 წლის წინ ჰქონდა.
„საქართველოს მთავრობასთან, სამედიცინო დარგის წარმომადგენლებთან, კერძო სექტორთან ჩვენი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია აღნიშნული ობიექტი და პროგრამა, რომელსაც დღეს ვიწყებთ. როგორც სხვებმა ბრძანეს, ეს არის ოცნება, რომელიც კენ ვოლკერს ჰქონდა 25 წლის წინ და ატლანტიდან თბილისში შეიქმნა თანამშრომლობა საგანმანათლებლო და სამედიცინო სფეროებში. პარტნიორობა ამ ერთი ობიექტის გარდა, სხვა ბევრი მიმართულებით გვაქვს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ჯანდაცვის სისტემის ხარისხის გაუმჯობესებაში, ეს არის საუკეთესო ნიმუში, რამდენად კარგად რეაგირებს საქართველოს მთავრობა ამ გამოწვევებზე, მათ შორის, ახალი კორონავირუსის პანდემიაზე. EMORY-ის უნივერსიტეტი გადასცემს ფიზიკური რეაბილიტაციის პროგრამის მემკვიდრეობას ქართველ პარტნიორებს,“ – აღნიშნა აშშ-ის ელჩმა.
კელი დეგნანის თქმით, აშშ-სა და საქართველოს აქვთ საერთო პრიორიტეტები და ყველაფერს აკეთებენ, რათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა სრულად იყოს ჩართული.
„ჩვენ, აშშ-სა და საქართველოს საერთო პრიორიტეტები გვაქვს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ყველა წევრი იყოს სრულად ჩართული. ძალიან ვამაყობ, რომ ბევრი ინიციატივა, რომელიც USAID-ის მხარდაჭერით ხორციელდება, ასეთ პრიორიტეტებს ემსახურება. საქართველომ ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა, განსაკუთრებით, შშმ პირების უფლებების დაცვის კუთხით და ვულოცავ პარლამენტს, არსებული სპიკერის ხელმძღვანელობით. შშმ პირების უფლებების დაცვის შესახებ კანონის დამტკიცება ძალიან მნიშვნელოვანია, რომელიც გზას უხსნის ამ ადამიანებს. შშმ პირები თანაბარი უფლებებით ისარგებლებენ, მონაწილეობას მიიღებენ საზოგადოებრივ განვითარებასა და მმართველობაში. ეს ნამდვილად არის პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, ინკლუზიურობისკენ და ბევრია კვლავ გასაკეთებელი, თუმცა აშშ, USAID-ის საშუალებით, გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას,“- განაცხადა კელი დეგნანმა.