კელი დეგნანი - დარწმუნებული ვარ, აშშ-ის კონგრესში გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ დახმარების სახით 75 მილიონი ევრო არ სჭირდება
ჩვენთვის სიურპრიზი იყო საქართველოს მთავრობის განცხადება, რომ საქართველოს არ სჭირდება 75 მილიონი ევროს დახმარება, უმუშევრობის მაღალი დონის, სიღარიბის მაჩვენებლის და კოვიდის გავლენის მიუხედავად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, ვაშინგტონი ასევე გაითვალისწინებს ამას.
„მე როგორც მესმის, ეს დახმარება მიბმული იყო მართლმსაჯულების მნიშვნელოვან რეფორმაზე და ეს ცხადი იყო გასულ წელს, როდესაც პაკეტის განხილვა ხდებოდა ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის. კიდევ ერთხელ, ეს არის მნიშვნელოვანი რეფორმები და საჭიროა მისი შესრულება. ზოგიერთი კარგი რეფორმა უკვე განხორციელდა, რაც ძალიან კარგია და ახლა მნიშვნელოვანია, რომ მიბმულია თუ არა 75 მილიონ ევროს დახმარებაზე, ეს რეფორმები განხორციელდეს.
აშშ-ის კონგრესი აკვირდება, რა ხდება აქ და ჩვენ ყოველთვის ვართ კოორდინაციაში საქართველოს მთავრობასთან, თუ რა სახის დახმარება სურთ და სჭირდებათ. დარწმუნებული ვარ, ისინი გაითვალისწინებენ საქართველოს მთავრობის განცხადებას, რომ დახმარების სახით 75 მილიონი ევრო არ სჭირდება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მადლიერი არიან ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს, გაუწიეს ქვეყანას. ამასთან, პრემიერის თქმით, წელს საქართველომ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც, მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.