კელი დეგნანი - საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ
ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს თანასწორობას და იმ უფლებების დაცვას, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
კელი დეგნანმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით ისაუბრა.
„მე მინდა ვუსურვო ჩემს თანამემამულე ამერიკელებს და ჩვენს ძვირფას მეგობრებს საქართველოში ბედნიერი 4 ივლისი. ეს არის დღე, როდესაც ამერიკელმა ლიდერებმა გამოაცხადეს დამოუკიდებლობა. ამერიკელებმა აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციის სიტყვები თითქმის ზეპირად იციან. ეს სიტყვები ისეთივე მტკიცე და ძლიერია, როგორც 244 წლის წინ, როდესაც დეკლარაციაში პირველად ჩაიწერა, რომ ყველა ადამიანი არის თანასწორი და სიცოცხლის, თავისუფლების, ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლება ხელშეუხებელია. ამ უფლებების დასაცავად, არსებობს მთავრობები. 11 წლის შემდეგ აშშ-ის კონსტიტუცია იყო მიღებული, სადაც გაიწერა დემოკრატიული პროექტის სტრუქტურა, რომლის მშენებლობას დღესაც ვაგრძელებთ. პროგრესი, რომელსაც მივაღწიეთ, საჭიროებდა განსაცვიფრებელ სიმამაცეს ბევრი ამერიკელისგან, რომელთა ნაწილიც თქვენთვის ცნობილია. მაგალითად, აბრაამ ლინკოლნი ან მარტინ ლუთერ კინგი და ბევრი სხვა. წელს ჩვენ აღვნიშნავთ 100 წლისთავს მას შემდეგ, რაც კონსტიტუციაში მე-19 შესწორება შევიდა, რითაც ქალებს ყველა შტატში ხმის მიცემის უფლება მიეცათ. ჩემთვის შთამბეჭდავია, რომ როდესაც ამერიკაში ჯერ კიდევ ვიბრძოდით ქალების უფლებებისთვის, საქართველოში უკვე აირჩიეს ხუთი ქალი. კიდევ 55 წელი დასჭირდა 1965 წლის საარჩევნო და უფლებების აქტის მიღებას, რათა აშშ-ს რასობრივი ბარიერები გაერღვია, რომელიც ბევრ ამერიკელს კენჭისყრაში მონაწილეობაში ხელს უშლიდა. ჩვენ დღევანდელი დღე კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ბრძოლა უფრო სრულყოფილი, თანასწორობის უზრუნველმყოფი და უფლებების დამცველი კავშირის ფორმირებისთვის, რომელიც აღიარებულია დეკლარაციაში, არასდროს ჩერდება. ეს მოითხოვს სიმამაცეს და რწმენას, რათა განხორციელდეს ცვლილებები, რომელიც ცვლის სტატუსკვოს და გზას უხსნის რეალურ პროგრესს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
როგორც კელი დეგნანმა თქვა, როდესაც აშშ აღნიშნავს დამოუკიდებლობის გამოცხადების 244-ე წლისთავს, შთამბეჭდავია იმის ხილვა, თუ რა დიდი გზა გამოიარა და რამდენია კიდევ გასაკეთებელი, რათა განხორციელდეს დამოუკიდებლობის დეკლარაციის მისწრაფებები, რომ აშშ-ის ყველა მოქალაქეს თანაბრად ჰქონდეს სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერების უფლება.
„საქართველოში გატარებული ხუთი თვის შემდეგ, ჩემთვის მარტივად გასაგებია, რომ ამერიკელებს და ქართველებს დიდი მეგობრობა აკავშირებთ. ქართველები ასევე თავისუფლებისმოყვარული ხალხია, თქვენ მოგიხდათ ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის. თქვენ გამოიჩინეთ ნამდვილი სიმამაცე და რწმენა, რომელიც გამოიხატა დემოკრატიულ რეფორმებში, რომლებიც თქვენ მიიღეთ ბოლო ათწლეულების განმავლობაში. ქართველებს, ისევე, როგორც ამერიკელებს, აქვთ ნება მძიმე სამუშაო შეასრულონ, რომელიც საჭიროა თქვენი ქვეყნის შესაცვლელად, რომ საქართველო იყოს ისეთი, როგორზეც თქვენ ოცნებობთ – თავისუფალი, უსაფრთხო, აყვავებული და დემოკრატიული. ქართველსა და ამერიკელს მტკიცე კავშირები აქვთ. ეს არა მხოლოდ ბრძოლაა ფუნდამენტური დემოკრატიული უფლებებისთვის, არამედ განგრძობადი ძალისხმევა, რომ დემოკრატიული ინსტიტუტები გაძლიერდეს და უფრო წარმომადგენლობითი გახდეს. ეს არის ჩემთვის დიდი პატივი, განვაგრძო მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოსთან და აღვნიშნო აშშ-ის დაბადების დღე ქართველ მეგობრებთან ერთად“, – განაცხადა ელჩმა.