კელი დეგნანი - საქართველოს მთავრობამ გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის დასახმარებლად, რაშიც აშშ-საც შეაქვს წვლილი
გარდა ჯანმრთელობის რისკებისა, „კოვიდ-19“-ით გამოწვეული კრიზისი ძლიერ დარტყმას აყენებს ჩვენი ქვეყნების ეკონომიკას, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ კუთხით საქართველოს მთავრობამ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რაშიც აშშ-საც შეაქვს საკუთარი წვლილი.
„საქართველოს მთავრობამ გადადგა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი ეკონომიკის დასახმარებლად, რაშიც ამერიკის შეერთებულ შტატებსაც შეაქვს წვლილი სხვადასხვა გზით. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ (USAID) ახლახან გადასცა საქართველოს სურსათის უვნებლობის სააგენტოს 800 000 დოლარის ღირებულების თანამედროვე აღჭურვილობა იმისთვის, რომ ფერმერებმა შეძლონ ფაროსანასგან თხილის მოსავლის დაცვა. ამ წლის უხვი მოსავალი მნიშვნელოვანია, როგორც ფერმერებისთვის ასევე საქართველოდან თხილის ექსპორტისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის კიდევ ერთი პროგრამა ინოვაციური გრანტების კონკურსს აცხადებს, რომლის მიზანიც საქართველოს ეკონომიკის სტიმულირება და ეკონომიკური ზრდის აღდგენაა. ელჩი განმარტავს, რომ გრანტების მოპოვება შეუძლიათ საკვების მწარმოებლებსა და მეწარმეებს, რომელთაც აქვთ ახალი იდეები საქართველოს ეკონომიკის დივერსიფიკაციის კუთხით.
„ეს მხოლოდ ერთ-ერთი სფეროს რამდენიმე მაგალითია. ამერიკის საელჩო მრავალი მიმართულებით თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან ეკონომიკის აღდგენის ხელშესაწყობად, როდესაც „კოვიდ-19-“ის საფრთხე ჩაივლის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, მისი თქმით, ქვეყანას საქართველოში მოქმედი ამერიკული კომპანიებიც ეხმარებიან.
„მხოლოდ ამერიკის საელჩო არაა, ვისაც დახმარების სურვილი აქვს. საქართველოში მოქმედი რამდენიმე ამერიკული კომპანიაც ეხმარება საქართველოს ამ რთულ ვითარებაში. ამერიკის სავაჭრო პალატის წევრებმა 3 მილიონი ლარი ჩარიცხეს StopCov ფონდში. გარდა ამისა, რამდენიმე ამერიკული ბრენდის სასტუმრომ, როგორიცაა „მარიოტ ჰოტელ მოქსი“, „რადისონ პარკ ჰოტელი“ და „შერატონ გრანდი“ საქართველოს მთავრობას ამ სასტუმროების საკარანტინო სივრცედ გამოყენება შესთავაზა. ეს გამოათავისუფლებს საწოლებს საავადმყოფოებში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებული პაციენტებისთვის. „კოკა-კოლა“ ქვეყნის მასშტაბით საკარანტინო ზონებში პროდუქტის მიწოდებას უზრუნველყოფს.
ამერიკის სავაჭრო პალატის დახმარება მხოლოდ ფინანსური შეწირულობითა და საკარანტინო სივრცეებით არ შემოიფარგლება. აგრეთვე, იგი მოიცავს ზომებს ფინანსური ზეწოლის შესამცირებლად სესხებზე საშეღავათო პერიოდის უზრუნველყოფით, ლაბორატორიული ტესტის კომპლექტებისა და პერსონალური დამცავი აღჭურვილობის გადაცემას, ინვესტიციებს ტექნოლოგიებში, რომ მოსწავლეებმა დისტანციურად შეძლონ სწავლის გაგრძელება.
ამერიკის შეერთებული შტატები მოხარული და ამაყია, რომ უერთდება საქართველოს მეგობრებსა და სხვა საერთაშორისო დონორებს, რომელთა შორისაა გაერო-ს განვითარების პროგრამა, მსოფლიო ბანკი, ევროკავშირი და სხვები, რომლებიც ეხმარებიან საქართველოს, სწრაფად გადალახოს პანდემიით გამოწვეული შედეგები და ქართველი ხალხი დაუბრუნდეს ჩვეულ საქმიაობას.
ამერიკისა და საქართველოს პარტნიორობა კვლავაც ძლიერია, ვუმკლავდებით რა ამ უპრეცედენტო ვითარებას ერთად“, – აღნიშნავს ელჩი.
ამასთან, კელი დეგნანის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გააგრძელებს სხვადასხვა გზების მოძიებას საქართველოს დასახმარებლად, სადაც ამის საჭიროება არსებობს.
აშშ-ის საელჩოს ფეისბუქ-გვერდზე განთავსებულ ვიდეომიმართვაში კელი დეგნანმა COVID-19-ზე რეაგირებისთვის აშშ-ის მიერ საქართველოს დახმარებაზე ისაუბრა.