კელი დეგნანი - საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა მიიღო და ახლა მნიშვნელოვანია, მიღებული კანონმდებლობა აღსრულდეს
ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს. საქართველოს ხელისუფლებამ ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა მიიღო და ახლა მნიშვნელოვანია, მიღებული კანონმდებლობა აღსრულდეს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საუბრისას, ელჩმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ამომრჩეველი ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას გაეცნოს. ამასთან, კელი დეგნანმა პარტიებს ღიაობისკენ მოუწოდა.
„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით წინასაარჩევნო გარემოს, ასევე ვეცნობით იმ ანგარიშებს, რასაც აქვეყნებს სხვადასხვა საარჩევნო სადამკვირებლო ორგანიზაცია, რომლებსაც საშუალება აქვთ, უშუალოდ მოსახლეობასთან ჰქონდეთ კავშირი. რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც ისმის ისეთი შემთხვევების შესახებ, ვთქვათ როგორიც არის მაგალითად, ამომრჩეველთა დაშინება, ვთქვათ სხვადასხვა რესურსის გამოყენება და ა.შ. იმიტომ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი საარჩევნო რეფორმა და შესაბამისად, ახლა მნიშვნელოვანია, ეს რეფორმა განხორციელდეს და მიღებული კანონმდებლობა აღსრულდეს. ჩვენ გავაგრძელებთ საარჩევნო გარემოზე დაკვირვებას. ასევე, მნიშვნელოვანია ამომრჩეველთა ცნობიერების ამაღლება. რაც შეეხება კოვიდს, მე როგორც ვიცი, ცენტრალური საარჩევნო კომისია ამზადებს გარკვეულ ღონისძიებებს და მიიღებს ზომებს, იქნება ეს ადგილობრივ საარჩევნო უბნებსა თუ სხვაგან, რათა ხმის მიცემა განხორციელდეს უსაფრთხოდ. ძალიან მნიშვნელოვანია, ამომრჩეველმა მოუსმინოს ყველა პარტიის საარჩევნო პროგრამას და მათ პლატფორმას. აშშ-ში დებატები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმა, რომ ამომრჩეველმა პარტიებისგან სხვადასხვა ინფორმაცია მიიღოს. მე ყველა პარტიის წარმომადგენელს ღიაობისკენ მოვუწოდებ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.