კელი დეგნანი - საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში იყო ბევრი მაგალითი, როცა ხდებოდა ხალხის დაშინება, ცენზურა და არავის სურს საქართველოს იმ დროში დაბრუნება
კელი დეგნანი - საქართველოს ხანგრძლივი ისტორიის განმავლობაში იყო ბევრი მაგალითი, როცა ხდებოდა ხალხის დაშინება, ცენზურა და არავის სურს საქართველოს იმ დროში დაბრუნება

ძალიან შემაშფოთებელია, როცა ადამიანებს უწევთ შიშში ცხოვრება, რომ გამოიყენონ კონსტიტუციით განსაზღვრული უფლებები, როგორიცაა სიტყვის თავისუფლება. საქართველოს ხანგრძლივი ისტორია აქვს და ამ ისტორიის განმავლობაში იყო ბევრი მაგალითი, როცა ხდებოდა ხალხის დაშინება, ცენზურა და არავის სურს საქართველოს იმ დროში დაბრუნება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანმა ფეისბუქლაივის დროს უპასუხა შეკითხვას: „რას ფიქრობთ საზოგადოების იმ ნაწილზე, რომელსაც პოლიტიკურად დევნიან, ღიად ესხმიან თავს მათი განსხვავებული პოლიტიკური აზრის გამო, ემუქრებიან მათი ოჯახის წევრებს“.

კელი დეგნანის განცხადებით, კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებებისა და უფლებების დასაცავად უცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები.

„ქართული საზოგადოება თავისი არსით არის ძალიან შემოქმედებითი, ინოვაციური და ამას ცხადყოფს ძალიან ბევრი ქართველი საზოგადო მოღვაწე, ამას ასევე გვიჩვენებს ის ლიტერატურა, პოეზია, რაც წლების და საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა. ეს იყო ძალიან ღრმა ერთგულება თავისუფლების, დამოუკიდებლობის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ფიქრის, სიტყვის თავისუფლებასაც. მე გავიხსენებ სახელმწიფო მოღვაწეებს თუ პოეტებს და ლიტერატორებს, რომლებიც თავიანთი პროგრესული აზროვნებით აძლევდნენ მაგალითს საზოგადოებას და ზუსტად ამ ღირებულებებზე ხმამაღლა საუბრობდნენ. ამ ყველაფრის დასაცავად ძალიან მნიშვნელოვანია დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება. იმისთვის, რომ კონსტიტუციით განსაზღვრული თავისუფლებები და უფლებები დაცული იყოს, აუცილებელია, ქვეყანას ჰქონდეს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები. თუ გადავხედავთ რუსეთის მაგალითს, სადაც ხალხს უწევს შიშში ცხოვრება, მათ დაკარგეს უფლება, რომ გამოთქვან საკუთარი აზრი, შეკრების უფლება, დემოკრატიული ინსტიტუტების მნიშვნელობას კიდევ უფრო კარგად მივხვდებით. ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც უჭერს მხარს აშშ სამოქალაქო საზოგადოებას თუ სხვადასხვა წრის წარმომადგენლებს, ხელოვნების წარმომადგენლებს, გახლავთ ის, რომ მათ შეუძლიათ, თავიანთი შემოქმედებითი აზროვნებით, თავიანთი ქმედებით შეინარჩუნონ ქვეყნის იმიჯი და თავისუფლებების და უფლებების დაცვა. ჩვენ გავაგრძელებთ ამ მხარდაჭერას, რადგან მიგვაჩნია, რომ ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები უმნიშვნელოვანესია საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.