კელი დეგნანი - საქართველომ მიაღწია დიდ პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით, თუმცა ყველანი ვთანხმდებით, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია
აშშ-ის მთავრობა გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოს მთავრობასთან, რომელმაც ძალიან შთამბეჭდავი სამუშაო შეასრულა საქართველოში „კოვიდ-19-ის კრიზისის სამართავად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.
ამასთან, მისი თქმით, აშშ-ს სურს ამ თანამშრომლობის გაღრმავება კერძო სექტორთანაც.
„ჩვენ ასევე გვსურს ჩვენი თანამშრომლობის გაფართოება საქართველოს ინოვაციურ, კერძო სექტორთან და ჩვენი აქცენტები, ჩვენი ყურადღება კვლავ რჩება ქართველებზე, ქართველთა კეთილდღეობაზე, მოქალაქეზე ორიენტირებული მმართველობის გაძლიერებაზე და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაზე“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
მისი თქმით, საქართველომ ათწლეულების განმავლობაში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობისა და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით დიდ პროგრესს მიაღწია, თუმცა გასაკეთებელი კიდევ ბევრია.
„ათწლეულების განმავლობაში საქართველომ მიაღწია ნამდვილად დიდ პროგრესს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის კუთხით და ეკონომიკის დივერსიფიკაციის მიმართულებით აშშ-ის და სხვა დონორების ხელშეწყობითა და დახმარებით. თუმცა ჩვენ ყველანი ვთანხმდებით იმაზე, რომ გასაკეთებელი კიდევ ბევრია. აუცილებელია, უფრო მეტი პოლიტიკური პლურალიზმი, უფრო მეტად თანაბარი ველი პოლიტიკური პარტიებისთვის, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება, თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია, რომელიც ხელს შეუწყობს სრულად დამოუკიდებელი ინსტიტუტების შექმნას და კონტროლისა და ბალანსის სისტემის ეფექტურობას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, ახლა მთავარი გამოწვევა საქართველოს წინაშე არის ის, რომ ეფექტურად გამოიყენოს მის მიერ შექმნილი ინსტიტუტები და რეფორმების მეშვეობით გააგრძელოს და განამტკიცოს ქვეყნის დემოკრატიული პროგრესი.
„ჩვენ უკვე ვხედავთ დადებით დინამიკას ამ მიმართულებით, პარლამენტის ზედამხედველობის ფუნქციის გაძლიერებით და ეს ნამდვილად სასიხარულოა.
ასევე ძალზედ მნიშვნელოვანია დამოუკიდებელი და პროფესიონალური სასამართლო სისტემის განვითარება. საქართველოში არიან ძალიან ბევრი თავისი პროფესიის ერთგული იურისტები, სამართლის სპეციალისტები, მოსამართლეები, პროკურორები, სხვა იურისტები და მათი სურვილია, რომ აწარმოონ თავისი იურიდიული საქმიანობა პოლიტიკური ჩარევის გარეშე. აშშ-მა მხარი დაუჭირა იმ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, რაც საქართველომ გადადგა დამოუკიდებელი, გამჭვირვალე, ეფექტური სასამართლო სისტემის შექმნისაკენ და ეს მხარდაჭერა გაგრძელდება. შემდგომი პროგრესიც არის ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, ისევე, როგორც საქართველოს ეკონომიკის ზრდისთვის, რადგანაც ინვესტორები დარწმუნებული უნდა იყვნენ, რომ მათი ხელშეკრულება, კონტრაქტები შესრულდება, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ დავები გადაიჭრას სამართლიანად, დროულად და თანასწორობის პრინციპზე, თუ არა, სხვა შემთხვევაში ისინი აირჩევენ სხვა ადგილს ინვესტიციების განსახორციელებლად“, – განაცხადა კელი დეგნანმა.