კელი დეგნანი - საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი ჩაერევა არჩევნებში, რადგან მას აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები
საქართველო უნდა ელოდოს, რომ რუსეთი ჩაერევა არჩევნებში, რადგან რუსეთს აქვს ჩარევის სქემა, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიები და სხვა ძალისხმევა, რაც თანმიმდევრულად ხდებოდა და მხოლოდ არჩევნებს არ უკავშირდებოდა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა. ჟურნალისტებმა ელჩს კითხვა დაუსვეს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე რუსეთის შესაძლო ჩარევის პრევენციაზე.
„ეს არის ის, რაზეც აშშ-ს და საერთაშორისო დონორებს აქვთ ინიციატივა, რომელიც მიმართულია საქართველოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, რათა დაეხმარონ ქართველებს, რომ შეძლონ ყალბი ამბების კარგი ჟურნალისტიკისგან გამორჩევა.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა ლიდერებმა მიაწოდონ ამომრჩეველს ის სწორი ინფორმაცია, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია, აამაღლონ მათი ცნობიერება ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ეკონომიკის აღდგენა, განათლება, ჯანდაცვა და ა.შ. ეს საჭიროა, რათა ამომრჩეველი მომზადებული და ინფორმირებული მივიდეს უბანზე. ეს არის საუკეთესო გზა რუსეთიდან ან ნებისმიერი სხვა მიმართულებიდან მომავალი დეზინფორმაციის დასაძლევად“,- განაცხადა კელი დეგნანმა.