კელი დეგნანი - საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და აშშ მოხარულია, რომ პროცესის ნაწილია
საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და აშშ მოხარულია, რომ არის არის პროცესის ნაწილი, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნაზე განაცხადა.
„ეს არის საქართველოს ძალისხმევა, შეერთებული შტატების მხარდაჭერით მოახდინოს სასაზღვრო ობიექტების მოდერნიზება, რათა გაუმჯობესდეს ტექნიკა, რომელიც მიეწოდება მესაზღვრეებს და გაუმჯობესდეს ინფრასტრუქტურა, რაც მესაზღვრეებს საშუალებას მისცემს, დარჩნენ საზღვარზე მთელი წლის განმავლობაში. ეს შენობა არის თანამედროვე ხელოვნების ნიმუში და მე ძალიან ვამაყობ, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად შეძლო ამის გაკეთება. ეს არის ნიშანი იმისა, რომ საქართველო მზად არის ნატოსთან ურთიერთქმედებისთვის და საკუთარი შესაძლებლობების გაზრდისთვის, რათა დაიცვას საკუთარი საზღვრები, ზღვიდან – სანაპირო დაცვის მეშვეობით, ხოლო მთაში – აქ მყოფი მესაზღვრეების დახმარებით. საქართველო ინვესტიციას დებს საკუთარი საზღვრების დაცვის შესაძლებლობების გაზრდაში და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ვართ ამ პროცესის ნაწილი“, – განაცხადა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა და საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა დღეს საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე სასაზღვრო სექტორი „ჯუთას“ ახალი შენობა გახსნეს.
სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ყაზბეგის სამმართველოს სექტორი „ჯუთას“ თანამედროვე სტანდარტების შენობა, რომელიც ზღვის დონიდან 2 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ინფრასტრუქტურის განახლების პროექტის ფარგლებში აშენდა და საქართველო-რუსეთის საზღვრის 18-კილომეტრიან მონაკვეთს მოემსახურება. შენობა აღჭურვილია თანამედროვე ინვენტარითა და უახლესი ტექნიკით.