კელი დეგნანი - საპარლამენტო არჩევნები კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ მოქალაქეები გახდნენ უფრო აქტიური, თავიანთი საჭიროებები განაცხადონ, ითანამშრომლონ
ჩვენ ისევ ვიმყოფებით პანდემიის პერიოდში, როდესაც მნიშვნელოვანია ისეთ საკითხზე ზრუნვა, როგორიც არის ვირუსის გავრცელების შეჩერება და შემდგომ ისეთი საკითხები, როგორიცაა ეკონომიკური საქმიანობის, ეკონომიკური აღდგენის პროცესის დაწყება, ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაბრუნება. ამისთვის საჭიროა ჩვენი ძალისხმევის გაერთიანება, სხვაგვარად შეუძლებელი იქნება ვირუსის დამარცხება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ონლაინპრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ამ მიმართულებით ძალისხმევის გაგრძელება მნიშვნელოვანია.
„როგორც ექიმმა გამყრელიძემ განაცხადა, ჯერ ვირუსი არ დაგვიმარცხებია და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ეს ძალისხმევა გავაგრძელოთ ამ მიმართულებით. საზოგადოების როლი ბევრ რამეშია. მნიშვნელოვანია ამ ეტაპზე ეკონომიკის სტიმულირება და მოქალაქეების მხრიდან იმის განცდა, რომ მათი კეთილდღეობა გაიზრდება უკეთესი ეკონომიკის საფუძველზე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ამასთან, ელჩის შეფასებით, პოსტპანდემიურ პერიოდში იქმნება კარგი ვითარება, მოქალაქეები გახდნენ უფრო აქტიური და მეტად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.
„ვფიქრობ, პოსტპანდემიურ პერიოდში იქმნება კარგი ვითარება იმისთვის, რომ მოქალაქეები გახდნენ უფრო აქტიური და მეტად ჩაერთონ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რათა წარმოაჩინონ თავისი მოსაზრებები, მოთხოვნები. სწორედ ეს საპარლამენტო არჩევნებიც შემოდგომაზე, ამის კარგი შესაძლებლობა იქნება, რომ მოქალაქეები გახდნენ უფრო აქტიური, თავიანთი საჭიროებები განაცხადონ, ითანამშრომლონ. ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად განახლებული დემოკრატიის განცდა გვექნება, როდესაც გამოვალთ კრიზისიდან“, – განაცხადა ელჩმა, კელი დეგნანმა.