კელი დეგნანი - სანქციების კოორდინატორმა როგორც აღნიშნა, ვაფასებთ საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობას, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა პროდუქციის ნაკადი გაკონტროლდეს, ეს რთული დავალებაა
სანქციებთან დაკავშირებული ჯგუფის მნიშვნელოვანი გზავნილი გახლდათ ის, რომ უნდა შეჩერდეს ისეთი დანიშნულების საქონლის ექსპორტირება რუსეთში, რაც ხელს უწყობს ადამიანების კვლას ბრძოლის ველზე, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა სანქციებთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მისივე თქმით, საბაჟო, შემოსავლების სამსახური, სასაზღვრო პოლიცია ყველაფერს აკეთებენ, რათა საქონლის ნაკადი იყოს კონტროლის ქვეშ, ხდებოდეს მათი მონიტორინგი.
„როგორც სანქციების კოორდინატორმა აღნიშნა, ჩვენ ვაფასებთ იმ თანამშრომლობას, რაც გვაქვს საქართველოს სახელმწიფო უწყებებთან და მრავალი წელია, მათთან ვთანამშრომლობთ, იქნება ეს საბაჟო, შემოსავლების სამსახური, სასაზღვრო პოლიცია თუ სხვა. ისინი აკეთებენ ყველაფერს, რათა საქონლის ნაკადი იყოს კონტროლის ქვეშ, ხდებოდეს მათი მონიტორინგი. ყველას კარგად ესმის, რომ ეს ძალიან რთული დავალებაა. ასევე ითქვა, რომ ეს მოითხოვს ძალიან დიდ ყურადღებას, სიფხიზლეს. ყურადღება არ უნდა მოდუნდეს, როდესაც არსებობს სურვილი, ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რომ მოხდეს მისთვის საჭირო საქონლის შეტანა ქვეყანაში სხვადასხვა გზით, მათ შორის მეზობელი ქვეყნების მეშვეობით და ის ყოველთვის შეეცდება, ახალი გზები გამონახოს ამისთვის. ამიტომ აუცილებელია მეტი ყურადღება, კონტროლი, მონიტორინგი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.