სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს ოთხი კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს, მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადენს.
როგორც კელი დეგნანმა განაცხადა, სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა მიიღო სანქცირების გადაწყვეტილება საქართველოს სასამართლოსთან დაკავშირებული ოთხი პირის მიმართ.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა სანდო და შეთანხმებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით დაადგინა, რომ აღნიშნული პირები საჯარო თანამდებობის ბოროტად გამოყენებით ჩართული იყვნენ მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში.
„თავიანთი ქმედებებით მათ უგულებელყვეს სასამართლო და საჯარო პროცესი მოსამართლეების მიმართ უკანონო სარგებლის შეთავაზებით ან ზეწოლით, რათა მიეღოთ თავიანთი პოლიტიკური მოკავშირეების სასარგებლო გადაწყვეტილებები და მოახდინეს მოსამართლეთა დანიშვნებით მანიპულირება, პირადი სარგებლის მიღების მიზნით. აღნიშნული კორუფიცული ქმედებებით მათ შებღალეს სამართლის უზენაესობა და დემოკრატიული პროცესი და შეასუსტეს ქართველი ხალხის ნდობა საქართველოს დემოკრატიულ ინსტიტუტებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობის მიმართ. ამერიკის კანონმდებლობის საფუძველზე, მსგავსი მნიშვნელოვანი კორუფციის შესახებ სანდო ინფორმაცია არის სანქცირების გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.
სანქცია ითვალისწინებს აღნიშნული პირებისა და მათი უშუალო ოჯახის წევრების მიმართ ამერიკის შეერთებულ შტატებში შესვლის აკრძალვას. გასულ კვირას, დემოკრატიის სამიტზე პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა, რომ ამერიკა ერთგულად გააგრძელებს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ და სამართლის უზენაესობის გაძლიერებას.
100-ზე მეტი ქვეყანა, მათ შორის საქართველო, შეუერთდა პრეზიდენტ ბაიდენის ამ განაცხადს, რადგან ყველამ ვიცით, რომ სამართლის უზენაესობა უფრო მეტია, ვიდრე სიტყვები. ის გულისხმობს მართლმსაჯულებას და სწორედ მართლმსაჯულებაა ის ძირითადი პრინციპი, რაც თავისუფლებასა და დემოკრატიას განამტკიცებს. სამართლის უზენაესობა დაცულია ისეთ სამართლებრივ სისტემაში, სადაც სასამართლო დავის გადაწყვეტა ხდება სამართლიანად და მიუკერძოებლად, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა და კანონზე დაყრდნობით და არა – ღამის საათებში განხორციელებული ზარის ან ქრთამის, დაშინებისა თუ ზეწოლის საფუძველზე.
საქართველოს ყველა მოქალაქე იმსახურებს მართლმსაჯულებას, სამართლის უზენაესობას და უფლებას სამართლიან და დამოუკიდებელ სასამართლოზე, მათი ქონებრივი მდგომარეობის, ოჯახური თუ პოლიტიკური კავშირების მიუხედავად. აღნიშნული სანქციები ასახავს ამერიკისთვის კორუფციასთან ბრძოლის მნიშვნელობას. კორუფცია და მართლმსაჯულებაში ჩარევა აბრკოლებს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას.
ამერიკის შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოსა და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას. სანქცირების გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სწორედ ამ მიზნით.
სანქცირების გადაწყვეტილება ასევე გამოხატავს ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ყველა შრომისმოყვარე, ნიჭიერი, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი მოსამართლის მიმართ, რომელთაგან ბევრს მე უკვე შევხვდი. მათ შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ, განახორციელონ თავიანთი საქმიანობა და აღასრულონ მართლმსაჯულება ზეწოლის, მუქარისა და ჩარევის გარეშე. წლების განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებდით საქართველოს ხელისუფლებას, განეხორციელებინა მნიშვნელოვანი რეფორმები სასამართლო სისტემაში.
ჩვენ მივესალმებით იმ პროგრესს, რაც მიღწეულ იქნა წლების განმავლობაში, მათ შორის ამერიკის მხარდაჭერით. როგორც ბევრი აღნიშნავს, მათ შორის ხელისუფლების წევრები, უფრო მეტი სამუშაოა ჩასატარებელი, რათა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ძლიერი მართლმსაჯულების სისტემა, რომელსაც ისინი იმსახურებენ. აღნიშნული სასამართლო რეფორმების განხორციელება შედის საქართველოს ინტერესებში და აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რომლისკენაც ქართველები დიდი ხანია მიისწრაფიან. კორუფციასთან ბრძოლაში გამარჯვებისთვის სტაბილური, წარმატებული და ევროატლანტიკური მომავლის მისაღწევად, რაც ქართველი ხალხის არჩევანია, საქართველოს სჭირდება ჭეშმარიტად მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.
სანქციები, რომელიც გამოცხადდა დღეს ოთხი კორუმპირებული პირის მიმართ, გამოხატავს ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე ერთგულებას, ებრძოლოს კორუფციას და დაეხმაროს ქართველ ხალხს, მიაღწიოს წარმატებას დემოკრატიული საზოგადოების შენებაში, რაც მათ ასე ცხადად სურთ და იმსახურებენ“, – აღნიშნულია ელჩის მიმართვაში.
აშშ-მა მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაში. „დღეს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ახდენს მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის საჯარო სანქცირებას, ვიზის აკრძალვის შესახებ 7031(c) წესის საფუძველზე, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. აღნიშნულმა პირებმა ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა, როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითიც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ“, – აღნიშნულია განცხადებაში.