კელი დეგნანი - სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, გახსოვთ სავიზო სანქციები ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ, ისინი ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, სასამართლო სისტემის განვითარებას
როდესაც არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რომ პირი ჩადის არალეგალურ საქმიანობას და ხელს უშლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ქართველებისთვის, როგორიცაა ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე სანქციების დაწესება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ფეისბუქლაივის დროს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების შესაძლო დასანქცირების შესახებ დასმულ კითხვაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ოთხი დასანქცირებული მოსამართლე ხელს უშლიდა საქართველოს დემოკრატიულ გზას.
„სანქციები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და როდესაც არსებობს საკმარისი სანდო ინფორმაცია გარკვეულ არალეგალურ საქმიანობაზე, კორუფციაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე თუ ასე შემდეგ, ამ შემთხვევაში შემდგომ უკვე ხდება სანქციების დაწესება. თქვენ გახსოვთ სავიზო სანქციები ოთხი მოსამართლის წინააღმდეგ. ეს ადამიანები ხელს უშლიდნენ საქართველოს დემოკრატიულ გზას, საქართველოს სასამართლო სისტემის განვითარებას, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია ჯანსაღი, ძლიერი დემოკრატიისთვის; იმისათვის, რომ არჩევნები იყოს თავისუფალი და სამართლიანი, სამართლიანად გადაწყდეს ბიზნესდავები, ქვეყანაში იყოს ინვესტიციები, ადამიანების უფლებები იყოს დაცული და ა.შ. როდესაც არსებობს საკმარისი ინფორმაცია, რომ პირი ჩადის არალეგალურ საქმიანობას და ხელს უშლის ისეთ მნიშვნელოვან საკითხს ქართველებისთვის, როგორიცაა ევროატლანტიკური ოჯახის წევრობა, ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე ასეთი რამ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
მისივე თქმით, სასამართლო სისტემის რეფორმირება არ არის მხოლოდ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის ნაწილი.
„ამაზე იყო საუბარი ასევე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებაში და ნატო-ს ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამაში, რაც საქართველოს მთავრობასთან ერთად თანამშრომლობით იგეგმება ყოველწლიურად. არსებობს რეფორმების ჩამონათვალი, რომლებიც საქართველოს მთავრობამ უნდა განახორციელოს. კი, დიდი პროგრესი იქნა მიღწეული, თუმცა უფრო მეტია გასაკეთებელი. ეს არ არის კრიტიკა, ეს არის უბრალოდ ფაქტი, რომ აუცილებელია ამ რეფორმების განხორციელება. ეს არის საქართველოს ხელისუფლების ხელში და მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს პოლიტიკური ნება-სურვილი ამ რეფორმების განსახორციელებლად“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.