კელი დეგნანი - სახალხო დამცველის ოფისს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქართულ საზოგადოებაში, კრიტიკის ნაცვლად, ქებას იმსახურებს
სახალხო დამცველის ოფისს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქართულ საზოგადოებაში, – განუცხადა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს შეკითხვაზე, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ სახალხო დამცველს მიკერძოებაში ადანაშაულებს.
კელი დეგნანის თქმით, სახალხო დამცველის ოფისი კრიტიკის ნაცვლად, ქებას იმსახურებს.
„სახალხო დამცველის ოფისს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი როლი ქართულ საზოგადოებაში, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების სხვა ორგანიზაციებს. სახალხო დამცველი არის ადამიანის უფლებების, კარგი მმართველობის და დემოკრატიული ღირებულებების მხარდამჭერი ნებისმიერ საზოგადოებაში, მათ შორის, საქართველოში. ისინი ასრულებენ ზედამხედველობის მნიშვნელოვან საქმეს.
მქონდა პატივი, შევხვედროდი სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლებს აქ, ბათუმში და ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რასაც ისინი აკეთებენ აჭარის რეგიონში. ესაა ბავშვთა შრომა, ოჯახური ძალადობა, ცნობიერების ამაღლება მოქალაქეების უფლებებთან დაკავშირებით. სახალხო დამცველი ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან როლს ნებისმიერ დემოკრატიაში. იქ პროფესიონალები მუშაობენ. კრიტიკის ნაცვლად, ისინი ქებას იმსახურებენ“, – აცხადებს კელი დეგნანი.