კელი დეგნანი - როცა სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია, იმედს ვიტოვებ, რომ ქართველი ლიდერები მოახერხებენ გვერდზე გადადონ მათ შორის არსებული განსხვავებები და ერთად იმუშაონ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალი გეგმის შესაქმნელად
ვნახე, ქართველი პოლიტიკური ლიდერები ექვს თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ორჯერ როგორ დასხდნენ ერთად მოსალაპარაკებლად. ვუსმენდი, როგორ მკაფიოდ გამოხატავდნენ თავიანთ პოზიციებს, როგორ საუბრობდნენ წითელ ხაზებზე, როგორ მართავდნენ მოლაპარაკებებს ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების გეგმაზე, ამრიგად, დარწმუნებული ვარ, რომ ქართველ ლიდერებს შეუძლიათ ამის გაკეთება, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა „იმედთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტისა და პარლამენტში არშესვლის გზა აირჩია.
„იმედს ვიტოვებ, რომ ამ შემთხვევაში, როცა სასწორზე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსია, მოახერხებენ გვერდზე გადადონ მათ შორის არსებული განსხვავებები და რეალურად იმუშაონ ერთად ამ ქვეყნის ევროპისკენ მიმავალი გეგმის შესაქმნელად. ახლა საქართველოს დღის წესრიგში ამაზე მნიშვნელოვანი არაფერია. ყველაზე პროდუქტიული დისკუსიები, რომლის მოწმეც გავხდი სატელევიზიო კამერებს მიღმა, არასაჯარო გარემოში გაიმართა. მიმაჩნია, რომ პოლარიზაციის შესამცირებლად ალბათ უფრო კონსტრუქციული იქნება მეტი მსგავსი შეხვედრა და ნაკლები კამათი კამერების წინ. გაცილებით ადვილია ერთმანეთის მოსმენა, ერთმანეთის პოზიციების და წითელი ხაზების გაგება, როცა კამერის წინ არ ხარ. ვფიქრობ, პარტიებს რეალურად აქვთ ამის გაკეთების შესაძლებლობა.
წინა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ცხრა პარტია აირჩიეს, საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა, უფრო მეტი ხმა და უფრო მეტი პოზიცია ყოფილიყო პარლამენტში, ვიდრე მხოლოდ ორი. ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან ჯანსაღი მოვლენა იყო. ვფიქრობ, რომ ბევრი ადამიანი მიიჩნევდა ამას საპარლამენტო არჩევნების უდიდეს მიღწევად. სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ბოიკოტისა და პარლამენტში არშესვლის გზა აირჩია. შეერთებული შტატების პოზიცია თავიდანვე აშკარა იყო. ჩვენ მოვუწოდებდით ყველა პარტიას შესულიყვნენ და ემუშავათ პარლამენტში. საქართველომ შექმნა პარლამენტი, როგორც დემოკრატიული ინსტიტუტი. ეს გახლდათ შესაძლებლობა აღნიშნული ინსტიტუტი გამოეყენებინათ არსებული პრობლემების განსახილველად და წარმოედგინათ პოლიტიკა, რომელიც საქართველოს საუკეთესო ინტერესებს შეესაბამებოდა. ახლაც ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. მიმაჩნია, რომ ესაა საქართველოს მომავალი.
ვფიქრობ, პარტიებს ამისათვის მოუწევთ ერთად დაჯდომა, მმართველმა პარტიამ არ უნდა მოახდინოს იმ ოპოზიციური პარტიების მარგინალიზაცია, რომლებიც მოხვდნენ პარლამენტში; ხოლო ოპოზიცია უნდა იყოს და კონსტრუქციულად მუშაობდეს პარლამენტში. მე მისაუბრია ყველა პარტიის წარმომადგენელ მიზანდასახულ პარლამენტართან, რომლებსაც ნამდვილად სურთ შეუდგნენ საქმეს პარლამენტში და გამოიყენონ დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც თქვენმა ქვეყანამ შექმნა. საზოგადოებრივი აზრის კვლევებმა აჩვენა, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს ქართველი პოლიტიკური ლიდერები პარლამენტში საქართველოს საუკეთესო ინტერესებისთვის მუშაობდნენ“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.