კელი დეგნანი რეალობის არასწორად წარმოჩენად მიიჩნევს განცხადებებს, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო მიზანმიმართული ან რევოლუციური სქემა
კელი დეგნანი რეალობის არასწორად წარმოჩენად მიიჩნევს განცხადებებს, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო მიზანმიმართული ან რევოლუციური სქემა

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი რეალობის არასწორად წარმოჩენად მიიჩნევს განცხადებებს, რომ ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო მიზანმიმართული ან რევოლუციური სქემა.

კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის საელჩომ იცოდა პარალელურ დათვლაში ცდომილებაზე და ე.წ. პოლიტიკურ კრიზისზე მოდერაციას აწარმოებდა. როგორც დეგნანმა აღნიშნა, მოლაპარაკებებში მონაწილე ყველა პირმა იცოდა, რომ საელჩოს ძალისხმევა მიმართული იყო დაძაბული ვითარების დეესკალაციისკენ.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა, ვთქვა, რომ ყველას შეუძლია, ჰქონდეს საკუთარი მოსაზრება, მაგრამ ვერ ვხედავ რაიმე ფაქტს ან მტკიცებულებას ამ მოსაზრებისა. ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც კი შეცდომა დადასტურებულ და იდენტიფიცირებულ იქნა, საზოგადოება ინფორმირებულ იქნა საჯაროდ და ხალხს მიეცა შესაძლებლობა, გაეგო რა მოხდა. ეს იყო სტატისტიკურად უმნიშვნელო ფაქტორი და ამის შესახებაც მკაფიოდ იქნა ნათქვამი. ვფიქრობ, ეს არის რეალობის არასწორად წარმოჩინება, როდესაც ცხადდება, რომ ეს იყო მიზანმიმართული ან იყო რაღაც რევოლუციური სქემა. ყველა პირმა, რომლებიც მონაწილეობდნენ მოლაპარაკებებში ამ არჩევნებთან დაკავშირებით, იცოდნენ, რომ ყველა ძალისხმევა მიმართული იყო ძალიან დაძაბული ვითარების დეესკალაციისკენ და შეერთებული შტატების მიზანი იყო, დახმარებოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას ამ საპარლამენტო არჩევნებში, რათა მათ ემუშავათ იმ საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ქართველებისთვის. ეს იყო ჩვენი ერთადერთი მიზანი, რასაც ვაკეთებდით ექვსი თვის განმავლობაში და მათ, ვინც მონაწილეობდა ამ მოლაპარაკებებში, ძალიან კარგად იციან ეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.