კელი დეგნანი - „ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავად განმარტონ მათივე კომენტარები
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავად განმარტონ მათივე კომენტარები, – ასე გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი „ქართული ოცნების“ ლიდერების – ირაკლი კობახიძის, არჩილ თალაკვაძისა და შალვა პაპუაშვილის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ნათქვამია: „შემაშფოთებელია, რომ ცალკეული ჩინოსნების არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო, ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის სტრუქტურებს უმაღლეს დონეზე მიეწოდება დამახინჯებული ინფორმაცია“.
ელჩს ჟურნალისტებმა შეკითხვით მიმართეს, ვის შეიძლება, გულისხმობდნენ მმართველი გუნდის წევრები ამ განცხადებაში და რამდენად დამაზიანებელი შეიძლება იყოს ეს განცხადება.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა თავად განმარტონ მათივე კომენტარები, მაგრამ მოდით, კიდევ ერთხელ ნათლად ვისაუბროთ ფაქტებზე: 19 აპრილის შეთანხმება მკაფიოდ და ნათლად აჩვენებდა, რომ მოსამართლეთა არჩევა უნდა გადადებულიყო იქამდე, ვიდრე არ იქნებოდა ფართო და ყოვლისმომცველი, მრავალპარტიული, ინკლუზიური მსჯელობა რეფორმაზე. მხოლოდ ამის მერე უნდა გაგრძელებულიყო მოსამართლეთა არჩევა. ეს შეთანხმება არის მკაფიო და ნათელი, ყოველგვარი გვერდითი ან ზეპირი შეთანხმებების გარეშე, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ და სხვა პარტიებმა ხელი მოაწერეს.
ნებისმიერმა კარგმა იურისტმა იცის, რომ როდესაც შენ აწერ ხელს, ეთანხმები იქ მოცემულ პირობებს. ვიტყვი იმასაც, რომ აშშ 30 წლის განმავლობაში მხარს უჭერს საქართველოს, და აშშ-ს ჰყოლია, ჰყავს ათასობით ძალიან კარგი ქართველი პარტნიორი, რომლებიც მზად არიან, დაეხმარონ და მხარი დაუჭირონ საქართველოს, გახდეს ეს ქვეყანა მეტად დემოკრატიული. თავის მხრივ, აშშ ეხმარება საქართველოს, განვითარდეს მთელი რიგი მიმართულებებით, როგორიცაა თავდაცვა, განათლება, ჯანდაცვა, ეკონომიკა და ა.შ. ჩვენ კვლავ გამოვხატავთ მზადყოფნას, გავაგრძელოთ ურთიერთობა ბევრ ქართველთან, რომელთა სურვილია, იყოს ქვეყანა წარმატებული და განვითარებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.