საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი ფოთში „PACE ტერმინალს” ეწვია.
საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ეს არის ქართულ-ამერიკული კომპანია, რომელიც ფოთის პორტში თითქმის 30 წელია, მუშაობს. აღნიშნული კომპანიის გაფართოებას 50 მილიონი აშშ დოლარის სესხით აფინანსებს აშშ-ის მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტო „აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაცია”. ამ გაფართოებით, ქალაქ ფოთში დამატებითი 100 სამუშაო ადგილი შეიქმნება. ელჩი ვიზიტის დროს გაეცნო, აშშ-ის მთავრობის დახმარებით, როგორ შეაქვთ წვლილი ორივე ქვეყნის კეთილდღეობაში ქართველ და ამერიკელ ბიზნესლიდერებს.
„PACE ტერმინალის“ შემდეგ კელი დეგნანმა აშშ-ის მიერ საქართველოს სანაპირო დაცვისთვის გადაცემული შვიდი გემიდან ერთ-ერთით პორტის გასწვრივ გაცურა.
„საქართველოს სანაპირო დაცვასთან მჭიდროდ თანამშრომლობს აშშ-ის სახელმწიფოს არაერთი დეპარტამენტი და სააგენტო, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოს უნარს, დაიცვას თავისი საზღვაო უსაფრთხოება და წვლილი შეიტანოს შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაში.
სანაპირო დაცვის წევრებმა ელჩს გაუზიარეს ინფორმაცია ნატო-ს მოკავშირეებთან თავსებადობის კუთხით პროგრესის შესახებ და აღნიშნეს, რომ ამ დროისათვის სანაპირო დაცვის 280-მა თანამშრომელმა გაიარა აშშ-ის უმაღლესი დონის ტრენინგი. რეგიონულ სტაბილურობაში წვლილის შეტანის მიზნით კი, აღნიშნული თანამშრომლები ახლა უკვე უკრაინელ კოლეგებს უტარებენ ტრენინგს“, – ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.