კელი დეგნანი - ოპოზიცია და ხელისუფლება თუ ვერ შეთანხმდებიან, ყველა მხარისთვის მარცხი იქნება
ოპოზიცია და ხელისუფლება თუ ვერ შეთანხმდებიან, ყველა მხარისთვის მარცხი იქნება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
კელი დეგნანი აცხადებს, რომ ოქტომბრის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.
„ძალიან დიდია ინტერესი მის მიმართ ჩემს ქვეყანაში, სხვა ქვეყნებში. საქართველოს ამომრჩევლის ინტერესია, რომ იყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. მე სრულად გავეცანი კინზინგერთან „ამერიკის ხმის“ ინტერვიუს და ვფიქრობ, მისი გზავნილი საკმაოდ მკაფიო იყო, რომ საქართველოს მეგობრებს ვაშინგტონში ნამდვილად სურთ, საქართველომ მიაღწიოს წარმატებას. წარმატება საქართველოსთვის იქნება პოლიტიკური ლიდერების მიერ საკმარისი პოლიტიკური გამბედაობის ჩვენება იმისთვის, რომ მიაღწიონ შეთანხმებას ოქტომბრის არჩევნებისთვის, რომელსაც ყველა მხარე დაეთანხმება და ყველა დაუჭერს მხარს.
სწორედ ამაზე მუშაობენ მხარეები. უნდა ვთქვა, მოხარული ვარ, რომ ვხედავ მხარეების – მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების ნებას, დასხდნენ მაგიდასთან და იმსჯელონ თავიანთ განსხვავებულ პოზიციებზე და შეეცადონ, იპოვონ გამოსავალი, რომელსაც ყველა დათანხმდება და რომელიც რეალურად წინ წაწევს საქართველოს დემოკრატიას და უზრუნველყოფს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს. ეს არის დემოკრატიის არსი – იჯდე შენს ოპონენტთან ერთად და მუშაობდე კომპრომისზე. ეს არის, რასაც ჩვენ ვუჭერთ მხარს და იმედი მაქვს, ამას ვიხილავთ ძალიან მალე“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანი ამბობს, რომ თუკი საქართველოში არჩევნების საკითხზე არსებობს მხარეებს შორის შეთანხმების შესაძლებლობა, ეს მალე უნდა მოხდეს.
„თუკი ასეთი შესაძლებლობა არ არსებობს (თუმცა, გულწრფელად მჯერა, რომ ისინი გამონახავენ ყველასთვის მისაღები შეთანხმების მიღწევის გზას), ძალიან სამწუხარო მარცხი იქნება ყველა მხარისთვის. თუკი შეთანხმება ვერ მიიღწევა, არ მგონია, ვინმემ შეძლოს თავის გამარჯვებულად გამოცხადება. ვფიქრობ, სწორედ ამის თქმა სურდა კონგრესმენ კინზინგერსაც თავის ინტერვიუში“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
დეგნანის თქმით, მის ქვეყანაშიც არ არის მარტივი სხვადასხვა მხარის წარმომადგენლების შეკრება და განსხვავებულ პოზიციებზე მსჯელობა.
„არა მხოლოდ უნდა იმსჯელონ, არამედ უნდა მიაღწიონ კომპრომისებს, რასაც პოლიტიკური ლიდერობა სჭირდება. ისინი ამას სერიოზულად უდგებიან და სურთ, იპოვნონ გამოსავალი, რომელზეც ყველა თანახმა იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.