კელი დეგნანი - მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას, ეს კარგი ნიშანია, რადგან შეთანხმება წარმოადგენს ქვეყნისთვის საჭირო რეფორმების საგზაო რუკას
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აცხადებს, რომ მიესალმებიან „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ხელმოწერას.
დეგნანის თქმით, შეთანხმება წარმოადგენს რეფორების საგზაო რუკას, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოს სამომავლო გზის გასაძლიერებლად.
„მივესალმებით „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ ხელშეკრულების ხელმოწერას. გარკვეული დროის განმავლობაში ჩვენ მოვუწოდებდით „ნაციონალურ მოძრაობას“, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებისთვის. ეს კარგი ნიშანია, რადგან ეს წარმოადგენს მნიშვნელოვანი რეფორმების საგზაო რუკას, რომელიც ქვეყანას სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის, ის რომ ეს შეთანხმება შედგა ქართველებს შორის, ქართველ პოლიტიკურ ლიდერებს შორის. კარგია, რომ ამდენმა მხარემ ხელი მოაწერა შეთანხმებას რეფორმების განხორციელებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა საქართველოს სამომავლო გზის გაძლიერებისთვის. ეს რეფორმები საშუალებას იძლევა, უფრო ძლიერი ავტონომია იყოს უკეთესი საარჩევნო პროცესისთვის. რეფორმები ეხება თითოეული ქართველის ცხოვრებას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის განარტებით, რეფორმები კვლავ აქტუალურია და იმედი აქვს, რომ შესრულდება.
„დოკუმენტი წარმოადგენს რეფორმების საგზაო რუკას, რაც საჭიროა საქართველოსთვის. ეს არის ის, რაზეც ყველა ქართველი ლიდერი შეთანხმდა. ასე რომ, რეფორმები და რეფორმების საგზაო რუკა კვლავ აქტუალურია. ვიმედოვნებ, რომ ეს შესრულდება და პარლამენტი ქართველი ლიდერების ამ გზავნილს სერიოზულად მიიღებს. ეს არის პრიორიტეტები, რომლებზეც ფოკუსირება საჭიროა“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარტია შარლ მიშელის შეთანხმებას ხელს აწერს.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დოკუმენტი 19 აპრილს გაფორმდა. შარლ მიშელის მიერ პარტიებისთვის წარდგენილ დოკუმენტზე „საქართველოს სამომავლო გზა“ ხელმოწერა ორბელიანების სასახლეში გაიმართა. ამასთან, პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ არ შეუერთდა დოკუმენტს. მოგვიანებით, „ქართულმა ოცნებამ“ დოკუმენტის ანულირების შესახებ განაცხადა და მიზეზად დაასახელა ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უარს აცხადებდა შეთანხმების ხელმოწერაზე.