კელი დეგნანი - მიუღებელია, რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, იმედი ვიქონიოთ, რუსეთი მალე შეასრულებს 2008 წელს აღებულ ვალდებულებებს
იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი მალე შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომელიც აიღო 2008 წელს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, სწორედ რუსეთის მიერ 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და საჯარისო ნაწილების გაყვანის შემდეგ შეწყდება ზეწოლა და შევიწროება, რაც ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ ხდება.
„ის, რაც ხდება ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ, არის უბრალოდ მიუღებელი. ეს არის ზეწოლა, შევიწროება და უნდა შეწყდეს. ეს შეწყდება მაშინვე, როდესაც რუსეთი შეასრულებს 2008 წლის შეთანხმებით ნაკისრ თავის ვალდებულებებს, რომ გაიყვანოს საჯარისო ნაწილები. ეს არის ძალიან მარტივი ნაბიჯი, რაც რუსეთმა უნდა გადადგას. ეს არის ის, რის დანახვასაც ყველა ელოდება, რომ დასრულდეს საქართველოს მოქალაქეების შევიწროება და ხელი შეეწყოს დისკუსიების ატმოსფეროს. იმედი ვიქონიოთ, რომ რუსეთი მალე შეასრულებს თავის ვალდებულებებს, რომელიც აიღო 2008 წელს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.