კელი დეგნანი - მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლო მიმდინარეობს, პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის უფლებების შესაბამისად, პირადი ცხოვრების დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით
მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მიხეილ სააკაშვილის უფლებები იყოს დაცული, რომ ის იღებდეს საჭირო სამედიცინო ზრუნვას, ფსიქოლოგიურ ზრუნვას და სამართლიან სასამართლოს, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მიხეილ სააკაშვილის კადრების გამოქვეყნების თემაზე დასმული კითხვის პასუხად, კელი დეგნანმა განაცხადა, რომ სააკაშვილის საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო მოსმენა და პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად, პირადი ცხოვრების დაცვით და სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
„მთავრობას აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს, რომ მისი უფლებები იყოს დაცული, რომ ის იღებდეს საჭირო სამედიცინო ზრუნვას, ფსიქოლოგიურ ზრუნვას და სამართლიან სასამართლოს. ფუნდამენტურად, ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. სასამართლო მოსმენა მიმდინარეობს. ის სამართლებრივი პროცესი უნდა წარიმართოს ადამიანის ძირითადი უფლებების შესაბამისად და პირადი ცხოვრების დაცვით, ისევე როგორც სამართლიანი სასამართლოს უფლებით“, – განაცხადა კელი დეგნანმა.