კელი დეგნანი - მე მოვისმინე საქართველოს მთავრობის პასუხი ბრალდებაზე და ბატონ არახამიას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება, არის საკითხები, რომლებიც უნდა განიხილებოდეს მთავრობების დონეზე
უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და სიცოცხლისთვის, ახლა არ არის დრო, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ, ახლა დროა, ორი ქვეყანა გაერთიანდეს მათი ქვეყნების ოკუპანტის წინააღმდეგ, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
„მე გეთანხმებით, რომ ეს არის მართლაც ძალიან სერიოზული ბრალდებები და როგორც ადრე ვთქვი, ასეთი დისკუსიები უნდა მიმდინარეობდეს, ჩემი აზრით, მთავრობებს შორის და არა მედიით. ამით შეურაცხყოფას არ ვაყენებ მედიას, მაგრამ ჩემი აზრით, არის საკითხები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რუსეთი ეომება უკრაინას, რომლებიც უნდა განიხილებოდეს მთავრობების დონეზე. მე მოვისმინე საქართველოს მთავრობის პასუხი ამ ბრალდებაზე და ბატონ არახამიას არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება. ასე რომ, მე ვიტყვი, რომ ასეთი ტიპის საკითხები ორ ქვეყანას შორის უნდა გადაწყდეს დიპლომატიური არხებით და შეწყვიტონ ამის საჯაროდ გაკეთება, რადგან ასეთი პაექრობა საქართველოსა და უკრაინას შორის მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. უკრაინა იბრძვის თითოეული ქალაქისა და სიცოცხლისთვის, ახლა არ არის დრო, რომ საქართველო და უკრაინა ერთმანეთის წინააღმდეგ იყვნენ. ახლა დროა, ეს ორი ქვეყანა გაერთიანდეს მათი ქვეყნების ოკუპანტის წინააღმდეგ“, – განაცხადა კელი დეგნანმა.