კელი დეგნანი - კრემლისგან შთაგონებულმა კანონმა, რომელიც უარყოფილი იყო მარტში, მიზანში ამოიღო არასამთავრობოები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სასარგებლოდ
ჩემი აზრით, ეს კითხვა გვაბრუნებს იმ განსხვავებასთან, რომელიც არსებობს კრემლისგან შთაგონებულ და ამერიკულ კანონს შორის, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა, ჟურნალისტების კითხვას, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის დოკუმენტებიდან გამომდინარე, რა იყო ლობისტური საქმიანობის შედეგი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, კრემლისგან შთაგონებულმა კანონმა, რომელიც უარყოფილი იყო საქართველოს მიერ მარტში, მიზანში ამოიღო ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც მუშაობენ საქართველოს სასარგებლოდ.
მისივე თქმით, ამერიკული კანონი კი ფოკუსირებულია იურიდიულ ფირმებსა და ლობისტებზე, რომლებიც დაქირავებულები არიან უცხოელების მიერ, რათა ამ ლობისტებმა მათ სასარგებლოდ იმუშაონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავებაა.
„ჩემი აზრით, ჩვენ ვნახეთ რუსული სტილის კანონის შედეგი, რომელმაც გამოდევნა არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოება, რომლებიც კარგ სამუშაოს ასრულებდნენ რუსეთში. ახლა მათ უმრავლესობას დახურვა ან გაქცევა მოუწიათ. სწორედ ამაზე იყო ფოკუსირებული ქართული კანონიც, რომელიც უარყვეს მარტში. მე კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ქართული კანონმდებლობით უკვე ხელმისაწვდომია დიდი გამჭვირვალობა და რეგულაციებიც. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რას საქმიანობენ დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში, სრულიად ხელმისაწვდომია, ვინმეს თუ ნამდვილად სურს ამის ნახვა. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ ეს ეხება გამჭვირვალობას, ის უკვე ხელმისაწვდომია საქართველოში“, – განაცხადა დეგნანმა.