კელი დეგნანი - კახეთი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ადგილი ტურისტული თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო კუთხით
ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი კახეთის რეგიონს სტუმრობდა. კელი დეგნანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, ირაკლი ქადაგიშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერთან, შოთა ნარეკლიშვილთან.
შეხვედრების დასრულების შემდეგ, კელი დეგნანი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ერეკლე მეფის სასახლეს ეწვია და თელავის ისტორიული მუზეუმი დაათვალიერა.
„ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა, რომ ვიმყოფები ქალაქ თელავში და შევიტყობ კიდევ უფრო მეტს ამ ქალაქისა და ზოგადად კახეთის რეგიონის შესახებ. როგორც მეუბნებოდნენ, მართლაც უმშვენიერესი ადგილია. ვიზიტის ფარგლებში, მქონდა შეხვედრები სახელმწიფო რწმუნებულთან და მერთან, ჩვენ ვისაუბრეთ უკვე არსებული თანამშრომლობის გაფართოების გზებზე. მოგეხსენებათ, ჩვენი თანამშრომლობა საკმაოდ ფართოა და მოიცავს ისეთ მიმართულებებს როგორიცაა: კარგი მმართველობა, ეკონომიკური განვითარება, თანამშრომლობა განახლებადი ენერგიის კუთხით. რა თქმა უნდა, განვიხილეთ „კოვიდ-19“-ის შედეგები და ის, თუ როგორ უბრუნდება რეგიონი ნელ-ნელა ცხოვრების ჩვეულ რიტმს. რადგან, კახეთი გახლავთ უმნიშვნელოვანესი ადგილი, ტურისტული თვალსაზრისით, როგორც საქართველოსთვის, ასევე საერთაშორისო ტურიზმის კუთხით“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
„ძალიან საინტერესო და ძალიან სასარგებლო შეხვედრა იყო ქალბატონ ელჩთან. ჩვენ ვისაუბრეთ ყველა იმ თემაზე, რაც მნიშვნელოვანია კახეთისათვის მისი ეკონომიკური და სოციალური ცხოვრებისათვის. აღინიშნა, რომ კახეთი შიდა ტურიზმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა. ყურადღება გამახვილდა სოფლის მეურნეობაზე და ხაზგასმით აღინიშნა, რომ კახეთში ძალიან დიდი პოტენციალია განახლებადი ენერგიის წყაროებისა. ქალბატონი ელჩი ვიზიტის ფარგლებში ერეკლე მეფის სასახლეს ეწვია, დაათვალიერა ქალაქი თელავი და თელავის ისტორიული მუზეუმი. მან ნახა ჩვენი ისტორიული წარსული, რომელმაც ჩვენ დღევანდელობამდე მოგვიყვანა“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„დღეს თელავის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ტურისტულ პოტენციალზე, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტს გააჩნია. საუბარი შეეხო ასევე თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებს თელავის მუნიციპალიტეტსა და ამერიკის საელჩოს შორის. პირადად გადავუხადე ელჩს მადლობა იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც ამ წლების განმავლობაში, ამერიკა ავლენდა ჩვენი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა შოთა ნარეკლიშვილმა.