კელი დეგნანი - გარშემო უამრავი დეზინფორმაცია, შეთქმულების თეორიაა, ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ საქართველოს ერთგული იყო, ეხმარებოდა, გაეძლიერებინა უსაფრთხოება, მხარს უჭერდა ქვეყნის სუვერენიტეტს
კელი დეგნანი - გარშემო უამრავი დეზინფორმაცია, შეთქმულების თეორიაა, ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ საქართველოს ერთგული იყო, ეხმარებოდა, გაეძლიერებინა უსაფრთხოება, მხარს უჭერდა ქვეყნის სუვერენიტეტს

გარშემო უამრავი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიაა, ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგული იყო და ეხმარებოდა საქართველოს, გაეძლიერებინა მისი უსაფრთხოება, მხარს უჭერდა მის სუვერენიტეტს, მხარს უჭერდა ქვეყანას ეკონომიკის განვითარებაში და უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.

ელჩის თქმით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) და აშშ-ის საელჩო განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას მის ევროატლანტიკურ გზაზე.

„მე კომენტარს ვერ გავაკეთებ პოლიტიკურ განვითარებაზე საქართველოში. ვფიქრობ, ქართველი ხალხი კარგად ხედავს, რაც აქ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ მთავრობისგან დამაბნეველი გზავნილი მოდის, ერთი მხრივ, მათთან მიმხრობით, ვინც, როგორც ჩანს, აპირებს, ძირი გამოუთხაროს პარტნიორობას აშშ-სა და საქართველოს შორის და მეორე მხრივ, განცხადებები პრემიერ-მინისტრისა და სხვა პირებისგან პარტნიორობის მნიშვნელობაზე აშშ-სა და საქართველოს და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან. მირჩევნია, ფაქტებით, სიმართლით ვიხელმძღვანელო. გარშემო უამრავი დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიაა. ფაქტია, რომ 30 წლის განმავლობაში აშშ ერთგული იყო და ეხმარებოდა საქართველოს, გაეძლიერებინა მისი უსაფრთხოება, ეხმარებოდა საქართველოს და მხარს უჭერდა სუვერენიტეტს, აშშ მხარს უჭერდა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში, უკეთესი სამუშაო ადგილების შექმნაში.

კარგი ეკონომიკური ციფრები, რასაც ახლა საქართველოში ვხედავთ, გარკვეულწილად, ნაწილობრივ დაკავშირებულია იმასთან, რომ აშშ-მ, ევროკავშირმა და საქართველოს სხვა მეგობრებმა უზრუნველყვეს, დახმარებოდნენ საქართველოს კოვიდპანდემიის შედეგებთან გამკლავებაში. დახმარებოდნენ, რათა ყოფილიყო კარგ ეკონომიკურ მდგომარეობაში ამ უპრეცედენტო ვითარებაში და დამატებით, უკრაინაში რუსეთის ომის გავლენის ფონზე. 30 წლის განმავლობაში, აშშ ასევე ცდილობდა, საქართველოს განევითარებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, რათა ქართველ ხალხს ჰქონდეს დიდი რწმენა, რომ ეს ქვეყანა მიემართა მტკიცე, ჯანსაღი დემოკრატიისკენ. ქართველი ხალხი ამას ათწლეულების განმავლობაში მოითხოვს. აშშ ძალიან ამაყი და მოხარულია, დაეხმაროს საქართველოს ამ ყველა მიზანში – ძლიერი უსაფრთხოება, ძლიერი ეკონომიკა და ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, ველოდებით ამ პარტნიორობის გაგრძელებას. დღეს მე შევხვდი სპიკერს და ეს არის კარგი შესაძლებლობა, განვაახლოთ პარტნიორობა და ვისაუბროთ გზებზე. USAID და აშშ-ის საელჩო განაგრძობენ საქართველოს მხარდაჭერას მის ევროატლანტიკურ გზაზე. ყველას გვსურს ამის ხილვა – საქართველო ევროატლანტიკურ ოჯახში ინტეგრირებული“, – განაცხადა კელი დეგნანმა.