კელი დეგნანი - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც უწყებაში საინფორმაციო ტექნოლოგიური პლატფორმის მოდერნიზებას გულისხმობს
კელი დეგნანი - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან ხელი მოვაწერეთ მნიშვნელოვან მემორანდუმს, რომელიც უწყებაში საინფორმაციო ტექნოლოგიური პლატფორმის მოდერნიზებას გულისხმობს

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებს საბაჟოს საერთაშორისო დღე მიულოცა. ელჩის თქმით, მისთვის დიდი პატივი იყო, რომ დღევანდელ ღონისძიებას დაესწრო.

„საბაჟოს საერთაშორისო დღისადმი გამართული ღონისძიება ასევე აღნიშნავს ჩვენს დიდწლიან თანამშრომლობას საქართველოს საბაჟოს ადმინისტრაციასთან. დღეს იყო კარგი შესაძლებლობა, რათა დავაფასოთ მებაჟე ოფიცრები და მათი შრომა. ისინი მართლაც ძალიან ბევრს აკეთებენ. გარდა იმისა, რომ უზრუნველყოფენ კანონიერი საქონლის, პროდუქციის შემოტანას ქვეყანაში, ისინი თავიანთი საქმიანობით ხელს უწყობენ ქვეყნის უსაფრთხოებას. დღეს სწორედ კარგი შანსი იყო ამ ყველაფრის დაფასების“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

ამასთან, როგორც დეგნანმა აღნიშნა, ღონისძიების ფარგლებში, აშშ-სა და შემოსავლების სამსახურს შორის, შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო ტექნოლოგიური პლატფორმის მოდერნიზაციის მიზნით, ხელი მოეწერა თანამშრომლობისა და მხარდაჭერის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს.

„დღეს ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან, რომელიც გულისხმობს შემოსავლების სამსახურში საინფორმაციო სისტემის მოდერნიზებას, რაც ხელს შეუწყობს მთლიანად ამ სამსახურის უფრო ეფექტურად მუშაობას და ეს არის კიდევ ერთი დასტური საქართველოსთან ჩვენი მრავალწლიანი და ხანგრძლივი თანამშობლობის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.