კელი დეგნანი - ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩამოსვლა საქართველოსთვის უდიდესი პატივია
საქართველოსთვის უდიდესი პატივია, რომ აქ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა 19 ივლისს ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ბათუმის კონფერენცია არის მნიშვნელოვანი ღონისძიება. ელჩის განცხადებით, ეს არის კარგი შესაძლებლობა, იყოს საუბარი არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში.
„19 აპრილის შეთანხმებასთან დაკავშირებით მიმდინარე მედიაციის პროცესში ევროკავშირთან ძალიან კარგად ვმუშაობდით. მისი (მიშელის) ვიზიტის პროცესში პირდაპირ ვარ ჩართული, მაგრამ საქართველოსთვის უდიდესი პატივია, რომ აქ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის. ბათუმის კონფერენცია მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და მონაწილეთა დონე ამის ნათელი დასტურია. დარწმუნებული ვარ, რომ მოხდება სასარგებლო ხედვების გაცვლა. ეს არის კარგი შესაძლებლობა, იყოს საუბარი არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ საქართველოს როლზე მთელი შავი ზღვის რეგიონში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.