კელი დეგნანი - ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, უმჯობესია, გაკეთდეს საქმე, შინაარსობრივად შესრულდეს 12 რეკომენდაცია, ვნახეთ, რომ ხალხი ერთგულია ევროპული არჩევანის, იმედია, ხელისუფლება მოუსმენს ხალხს
კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებისა და რეფორმების შესრულებაზე, რაც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, როგორც გზამკვლევი, ევროკავშირის მიერ, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარე, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური.
კელი დეგნანს კითხვა დაუსვეს საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე, სადაც მან აღნიშნა, რომ პარტნიორებისთვისაც მნიშვნელოვანია, იცოდნენ, სად მიიღება გადაწყვეტილებები ამ ქვეყანაში და ბიძინა ივანიშვილის არაფორმალური მმართველობის პირობებში არის თუ არა კანდიდატის სტატუსის მიღების შანსი.
„გასული დღეების განმავლობაში მქონდა ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი ვიზიტი ახალციხეში, ახალქალაქში და, შესაბამისად, არ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა პრეზიდენტის ინტერვიუ.
გადაწყვეტილების მიღება ხდება ქართველი ხალხის მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად დავინახეთ დაახლოებით ორი კვირის წინ, როდესაც საქართველოს ასი ათასზე მეტი მოქალაქე გამოვიდა და მშვიდობიანად დააფიქსირა თავისი ძალიან მკაფიო არჩევანი ევროპისკენ, ეს იყო თბილისში, ეს იყო საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში. ხალხის არჩევანი იყო, რომ ჩვენ გვინდა ევროპული საქართველო, გვინდა ევროპა და კარგად დავინახეთ, რა ძალა აქვს ხალხის გადაწყვეტილებას.
რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, სტატუსის მიღება დამოკიდებულია იმ რეკომენდაციებისა და რეფორმების შესრულებაზე, რაც ძალიან მკაფიოდ არის გაწერილი, როგორც გზამკვლევი, ევროკავშირის მიერ. ამ პროცესში უნდა იყოს ჩართული აბსოლუტურად ყველა დაინტერესებული მხარე, პარლამენტი, სამოქალაქო საზოგადოებას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა, პროცესი უნდა იყოს ინკლუზიური. ეს არის ის რეფორმები, რაც დღეს არ დაწყებულა და დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება. გარკვეული პროგრესი მიღწეულია, თუმცა უფრო მეტი არის გასაკეთებელი. ეს არ არის ერთი ადამიანის პროექტი, ეს არის მთელი საქართველოს, მისი მოქალაქეების პროექტი და უმჯობესია, რომ, ერთმანეთთან დაპირისპირების ნაცვლად, გაკეთდეს საქმე. შესრულდეს 12 რეკომენდაცია, რაც მთავარია, არა ზედაპირულად, არამედ შინაარსობრივად. ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი ერთგულია ევროპული არჩევანის და ეს მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი. იმედია, ხელისუფლება მოუსმენს ხალხს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.