კელი დეგნანი - ელჩ დავით ბაქრაძესთან სტუმრობისას მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს
შევიგრძენით ის საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ქართველები ესოდენ ცნობილი არიან და მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ფიცის დადებისას განაცხადა.
„მადლობა მდივნის მოადგილე, ჰეილ, ამ გულისხმიერი სიტყვებისთვის. დიპლომატიურ სამსახურში ჩემი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები პოლიტიკურ საქმეთა განყოფილებას უკავშირდება, ასე, რომ ამაყი ვარ დღეს თქვენი აქ ყოფნით, რომ მიიღოთ ეს ფიცი.
განსაკუთრებით, მინდა, მივესალმო ელჩ დავით ბაქრაძეს, საქართველოს ელჩს შეერთებულ შტატებში. ძალიან დიდი მადლობა მობრძანებისათვის. გასულ ორშაბათს დავითმა და მისმა მეუღლე ანამ არაჩვეულებრივ საღამოზე გვიმასპინძლეს. ახლა უკვე შევიგრძენით ის საოცარი სტუმართმოყვარეობა, რომლითაც ქართველები ესოდენ ცნობილი არიან და მივხვდი, რატომ მაფრთხილებს ყველა, რომ წონისთვის ყურადღების მიქცევა მომიწევს. დიდი მადლობა, დავით.
შესანიშნავია ყველა თქვენგანის ხილვა. ჩემს კარიერაში ამ ეტაპამდე მოსვლისთვის აქ მყოფმა ყველა ადამიანმა წვლილი შეიტანა. მე ნამდვილად ვალში ვარ თქვენთან, იმისათვის, რაც მასწავლეთ და როგორც მიჭერდით მხარს წლების განმავლობაში – ჩემი ოჯახი, მეგობრები, კოლეგები და მისაბაძი ადამიანები. ძალიან შესაფერისია ამ ნაბიჯის თქვენს გარემოცვაში გადადგმა“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩმა მადლობა ყველა ახლობელს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
„უპირველეს ყოვლისა, მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს პარტნიორს, დაგ მორისს, მისი მოთმინების, დამთმობლობისა და სიყვარულით სავსე მხარდაჭერისთვის გასული 14 წლის განმავლობაში. დაგი საზღვარგარეთ გაიზარდა და დიპლომატიურ ცხოვრებას ენთუზიაზმით შეხვდა. ეს არ არის ყოველთვის მარტივი ცხოვრება და თავს იღბლიანად მივიჩნევ, რომ ჩვენი შემდეგი თავგადასავლისას დაგი გვერდით მეყოლება. იგი ნამდვილად ისევე აღტაცებულია საქართველოს გაცნობით, როგორც მე.
ვისურვებდი, რომ ჩემი მშობლები ამ დღეს მოსწრებოდნენ. ისინი მშრომელი ამერიკელები იყვნენ პატარა ქალაქიდან; მათ ჩამინერგეს პასუხისმგებლობის მტკიცე გრძნობა და პატივისცემა ტოლერანტობისა და სამართლიანობისადმი. მე მათი უზომოდ მადლიერი ვარ.
ბედნიერი ვარ, რომ ჩემი დები, კეიტი და კიმი დღეს ჩემთან არიან. ისინი არიან წარმოუდგენლად შთამბეჭდავი ქალები, რომელთაც პატარა დისთვის არ დაუშურებიათ სიყვარული, რჩევა და მხარდაჭერა. რაც თავი მახსოვს, ისინი აოცებენ ხალხს თავიანთი მიღწევებითა და ინტელექტით. ძალიან ვამაყობ ორივე მათგანით და მათი მიღწევებით.
ელჩების სემინარზე გვირჩიეს, რომ გაგვეკეთებინა ჩანაწერი, რათა საკუთარი თავისთვის შეგვეხსენებინა, რატომ ამოვირჩიეთ დიპლომატიური სამსახური, რატომ ავირჩიეთ ეს კარიერა. მგონი, ეს მორა ჰარტის რჩევა იყო.
ამან თითქმის 30 წლის უკან დამაბრუნა, სანამ დიპლომატიურ სამსახურს დავიწყებდი, როდესაც წყნარი ოკეანის დასავლეთით მდებარე კუნძულოვან სახელმწიფო პალაუს უზენაეს სასამართლოში იურისტად ვმუშაობდი. მაშინ, როგორც ახლა, ჩემი მოტივაცია იგივე იყო: მინდოდა მნიშვნელოვანი რამ გამეკეთებინა. მსურდა, ამერიკას დავხმარებოდი უკეთესი მსოფლიოს შენებაში“, – განაცხადა ელჩმა.
მისივე თქმით, 26 წლისა და რვა ქვეყანაში 12 მისიის შემდეგ, კვლავ დარწმუნებულია, რომ ამერიკას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი როლი აქვს მთელ მსოფლიოში ხალხთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისა და უკეთესი მომავლის შექმნის საქმეში.
„ჩემი კარიერის განმავლობაში ვმუშაობდი ამერიკის გავლენის განმტკიცებისთვის ხალხთან ურთიერთობითა და იმ ღირებულებებისადმი ერთგულების წარმოჩენით, რომელიც გრძელვადიანი დემოკრატიის საფუძველია: პატივისცემა, ტოლერანტობა, პატიოსნება, სამართლიანობა და თავისუფლება. მე ნამდვილად მჯერა, რომ დემოკრატიას მოაქვს უდიდესი თავისუფლება და შესაძლებლობები ყველაზე მეტი ადამიანისთვის. ზოგჯერ ის უწესრიგოა, ზოგჯერ არაპროგნოზირებადი, მაგრამ ჩერჩილი მართალი იყო, როდესაც თქვა, რომ დემოკრატია მმართველობის ყველაზე ცუდი ფორმაა, თუ არ ჩავთვლით ყველა დანარჩენს“, – განაცხადა ელჩმა.