კელი დეგნანი - დარწმუნებული ვარ, თუ გავაგრძელებთ მოლაპარაკების პროცესს, პარტიები გამოსავალს იპოვიან
დარწმუნებული ვარ, თუ გავაგრძელებთ ამ პროცესს, პარტიები გამოსავალს იპოვიან, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მეხუთე რაუნდთან დაკავშირებით დასმულ კითხვას.
მისივე თქმით, დიალოგი პარტიების ლიდერებს ასევე აძლევს შესაძლებლობას, განიხილონ ისეთი საკითხებიც, რაზეც პარლამენტში შესვლის შემდეგ ითანამშრომლებენ.
როგორც ელჩმა აღნიშნა, მოლაპარაკების ყველა მონაწილეს აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა, რომ გამოსავალი იპოვონ.
„მნიშვნელოვანია, რომ პარტიები ლაპარაკობენ. დიალოგი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გამოსავლის მოსაძებნად, რაც ყველასთვის მისაღები იქნება, ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ პარტიების ლიდერები ინტენსიურ ზეწოლას განიცდიან არა მხოლოდ მედიის მხრიდან, არამედ საკუთარი მხარდამჭერების და ზოგჯერ საკუთარი თავის მხრიდანაც. დიალოგი მნიშვნელოვანი გზაა, გამოიძებნოს გამოსავალი, რომელიც საქართველოს ინტერესებს მოემსახურება. ამავე დროს, ეს იქნება შესაძლებლობა პარტიის ლიდერებისთვისაც, ერთმანეთთან განიხილონ დიალოგის მიღმა სხვა საკითხები, რომლებზეც შეძლებენ თანამშრომლობას, როდესაც პარლამენტში შევლენ. ეს ეხება სხვა სფეროების რეფორმირებას, რაც ასევე მნიშვნელოვანია საქართველოს განვითარებისა და ეკონომიკური საკითხებისთვის. ამიტომ ეს არის პროდუქტიული პროექტი, ნელი, მიზნობრივი და ფრთხილი. ამიტომ არ ვჩქარობთ. ყველას აქვს განცდა, რომ აუცილებელია ამის გაკეთება. ყველას აქვს პასუხისმგებლობის გრძნობაც, რომ იპოვონ გამოსავალი. დარწმუნებული ვარ, თუ გავაგრძელებთ ამ პროცესს, პარტიები გამოსავალსაც იპოვიან“, – განაცხადა კელი დეგნანმა ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ავტორი -
მარიამ დემეტრაშვილი