კელი დეგნანი - დარწმუნებული ვარ, 2020 წლის არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება
საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, სხვადასხვა არჩევნების დროს რუსეთის ქმედებებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ ქვეყნებმა თავიანთი საარჩევნო სისტემები უნდა დაიცვან.
მისივე თქმით, აშშ-სა და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრებს აქვთ პროგრამები, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს, უფრო ეფექტიანად აღმოაჩინონ ფეიკნიუსები და მოიძიონ ზუსტი ინფორმაცია.
ამასთან, ელჩის განცხადებით, პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, ამომრჩევლებს და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.
კელი დეგნანის განმარტებით, დარწმუნებულია, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება.
„თუ გადავხედავთ რუსეთის ქმედებებს სხვადასხვა არჩევნებისას, თუნდაც რამდენიმე წლის წინ აშშ-ის არჩევნებში, ნათელია, რომ ქვეყნებმა უნდა დაიცვან თავიანთი საარჩევნო სისტემები, ეს სიმართლეა როგორც საქართველოსთვის, ისე სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ და საქართველოს სხვა საერთაშორისო მეგობრებს გვაქვს პროგრამები, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს, უფრო ეფექტიანად აღმოაჩინონ ფეიკნიუსები და დეზინფორმაცია, მოიძიონ მართალი და ზუსტი ინფორმაცია. პოლიტიკურ პარტიებს და ლიდერებს აქვთ პასუხისმგებლობა, რომ ამომრჩევლებსა და საზოგადოებას ზუსტი ინფორმაცია მიაწოდონ.
ვფიქრობ, ამ მიმართულებით მომდევნო რამდენიმე კვირაში ძალიან კარგ განვითარებებს ვიხილავთ, თუ არჩევნები იქნება ფოკუსირებული გამოწვევებზე და ამომრჩევლის ინფორმირებაზე, რათა მათ შეძლონ, 31 ოქტომბერს საკუთარი არჩევანი გააკეთონ ინფორმირებულად, დაშინების გარეშე. დარწმუნებული ვარ, ეს არჩევნები წინა არჩევნებზე უკეთესი იქნება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს დანიშნა.