კელი დეგნანი - ჩვენ ვგმობთ ძალადობას, მაქსიმალურად ვცდილობ ხალხის, პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებას ქვეყნის საკეთილდღეოდ
ფაქტი, რომ ხორციელდება თავდასხმები მოქალაქეებზე, ყველასთვის არის ძალიან დიდი შეშფოთების საგანი, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა, რითაც მიშა მშვილდაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
კერძოდ, კელი დეგნანს ჰკითხეს: „მშვილდაძის საქმეზე სიახლეა მოპოვებული ვიდეოჩანაწერები, რაც მიუთითებს კოორდინაციაზე ამ თავდასხმის, როგორც მშვილდაძე ამბობს, თავდასხმა, სავარაუდოდ, სუს-ის დაგეგმილია, თუ ადევნებთ თვალს ამ საქმეებს?“
როგორც ელჩმა კითხვის საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნული საქმის დეტალები არ იცის, თუმცა, ზოგადად, ძალადობას გმობს.
„დეტალები არ ვიცი ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, თუმცა, ზოგადად, ფაქტი, რომ ხორციელდება თავდასხმები მოქალაქეებზე, არის ძალიან დიდი შეშფოთების საგანი ყველასთვის და განსაკუთრებით ქართველი მოსახლეობისთვის, რომელთაც ეს ახსენებთ 90-იან წლებს. ქვეყანამ ძალიან ბევრი რამ გააკეთა, რათა ამ პერიოდიდან გამოსულიყო. როგორც ვიცი, გარკვეულ საქმეებზე არიან დაკავებულები თავდასხმებში და ძალადობაში ეჭვმიტანილი პირები. ეს ნიშნავს, რომ ამ საკითხს უდგებიან სერიოზულად. ძალადობა არის დასაგმობი და ჩვენ ვგმობთ მას. ასევე მნიშვნელოვანია, საზოგადოების წევრები, ლიდერები აქტიურად გმობდნენ ამ ძალადობას. არ ვარ პიროვნება, რომელიც ცუდ სიტყვებს მოიხსენიებს, ბოლო სამწლინახევრის განმავლობაში მაქსიმალურად ვცდილობ ხალხის გაერთიანებას, პოლიტიკური ლიდერების გაერთიანებას ქვეყნის კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.