კელი დეგნანი - ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ყველას მშვიდი და წყნარი საარჩევნო გარემოსკენ
სასიამოვნო იყო გამოკითხვების ნახვა, რომელიც აჩვენებს, რომ აქტივობა მაღალი იქნება. ძალიან კარგია იმის ნახვა, რომ ქართველებს სურთ არჩევნებზე წასვლა და ხმის მიცემა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა განაცხადა.
მისივე თქმით, 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნებია. ამასთან, ელჩის განმარტებით, ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში სიძულვილის ენის ადგილი არ არის.
„ველოდები, რომ იქნება მშვიდი არჩევნები და მშვიდობიანი გარემო ხმის მისაცემად. ეს ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან შეშფოთებული ვარ ინფორმაციებით წინასაარჩევნო პერიოდში დაშინების, შეურაცხყოფის და ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით. ამის ადგილი არ არის, არ არის სიძულვილის ენის ადგილი ისედაც პოლარიზებულ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, თავდასხმები მედიაზე, სამოქალაქო საზოგადოებაზე უკიდურესად დესტრუქციული ქმედებაა, ჟურნალისტებს უნდა შეეძლოთ თავიანთი საქმის კეთება, რომ მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია.
ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობას სჭირდება, დაინახოს, რომ თითოეული არჩევნები აჩვენებდეს გაუმჯობესებას. მოსახლეობა ამას იმსახურებს და ეს არის დემოკრატიული პროგრესის მიმართ ვალდებულების ნიშანი. ვიმედოვნებთ, რომ სწორედ ამას ვიხილავთ მომდევნო დღეებში. ჩვენი საელჩოც განათავსებს დამკვირვებლებს, რომლებიც არაფორმალურ დაკვირვებას განახორციელებენ. მოხარულები ვართ, რომ ამ არჩევნებზე იქნებიან პროფესიონალი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნებზე ამდენი დამკვირვებლის ყოფნა ასევე აჩვენებს მთელი მსოფლიოდან საქართველოს პარტნიორების ვალდებულების დონეს, ინტერესს და წუხილს. მაღალი ყურადღება არ შეეხება მხოლოდ არჩევნების დღეს, ეს შეეხება როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს და შემდგომში განვითარებულ მოვლენებს“, – აღნიშნა კელი დეგნანმა.
ელჩის განცხადებით, აშშ და საქართველოს მეგობრები ძალიან აქტიურად დააკვირდებიან, როგორ ჩატარდება არჩევნები.
„შესაბამისად, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ყველას მშვიდი და წყნარი გარემოსკენ პოლიტიკური პროცესის მიმართ“, – დასძინა კელი დეგნანმა.