კელი დეგნანი - ჩნდება კითხვა, რატომ ცდილობს მმართველი პარტია, ჩაახშოს დამოუკიდებელი გამოკითხვა, შეუტიოს ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან სწავლით, როგორ იყვნენ კარგი მოქალაქეები
IRI მხარს უჭერს მრავალპარტიულ დემოკრატიას საქართველოში ოც წელზე მეტია, მნიშნველოვანია, აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ იღებს უფრო მეტ მხარდაჭერას IRI-ისგან, ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიები, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი არის IRI-ის პროგრამირების კურსდამთავრებული, მიღებული აქვთ მონაწილეობა და სარგებელი იმით, რასაც IRI აკეთებს საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის.
„მინდა, გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ სიცრუეს, რომელსაც ავრცელებენ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის შესახებ მართველი პარტია და მასთან დაკავშირებული მედიები. IRI მხარს უჭერს მრავალპარტიულ დემოკრატიას საქართველოში ოც წელზე მეტია, მნიშნველოვანია, აღინიშნოს, რომ „ქართული ოცნება“ იღებს უფრო მეტ მხარდაჭერას IRI-ისგან, ვიდრე სხვა პოლიტიკური პარტიები. სინამდვილეში, „ქართული ოცნების“ რამდენიმე ლიდერი არის აირაის პროგრამირების კურსდამთავრებული, მიღებული აქვს მონაწილეობა და სარგებელი იმით, რასაც IRI აკეთებს საქართველოს ყველა პოლიტიკური პარტიისთვის 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ამიტომ ეს ნამდვილად აჩენს კითხვას, რატომ ცდილობს მმართველი პარტია, ჩაახშოს დამოუკიდებელი გამოკითხვა და შეუტიოს ახალგაზრდებს, რომლებიც, უბრალოდ, დაინტერესებულნი არიან იმის სწავლით, თუ როგორ უნდა იყვნენ კარგი მოქალაქეები ამ ქვეყანაში.
დამოუკიდებელი გამოკითხვა როდესაც არ უჭერს მხარს თქვენს პოზიციას, შესაძლოა, არასასიამოვნო იყოს, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვქონდეს უკუკავშირი და ინფორმაცია პოლიტიკური ლიდერებისთვის, თუ რა პრიორიტეტები აქვს საზოგადოებას. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს პასუხისმგებლიანი, დამოუკიდებელი გამოკითხვა, როგორსაც ატარებს IRI და NDI მრავალი წლის განმავლობაში, მრავალ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელსაც შეერთებული შტატების კონგრესი უჭერს მხარს. ჩვენ ვნახეთ საქართველოში, რომ აქ ახალგაზრდებს სურთ, თავიანთი წვლილი შეიტანონ იმ საკითხების განხილვაში, რომელიც მათ მომავალს განსაზღვრავს. სწორედ ამაზე მუშაობს IRI. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ დავეხმაროთ მათ, განივითარონ უნარები, რათა შეძლონ საკითხების განხილვა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ აქვთ განსხვავებული შეხედულებები. ეს იმისთვისაა, რომ დავეხმაროთ მათ, გააცნობიერონ, როგორ მიიღონ მშვიდობიანი და კონსტრუქციული მონაწილეობა საკუთარ საზოგადოებაში, პოლიტიკურ პროცესებში, იმუშაონ მთავრობასთან, იმუშონ სამოქალაქო საზოგადოებასთან, რომ წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის მომავალში. IRI-მ და NDI-მ ძალიან დიდი როლი ითამაშეს საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერაში მრავალი წლის განმავლობაში. ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა ძალიან ამაყობს, რომ განაგრძობს მათ მხარდაჭერას“, – განაცხადა კელი დეგნანმა.