კელი დეგნანი - აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს, ვაქებთ ომბუდსმენის ოფისის სამუშაოებს, საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სააკაშვილის უფლებების დაცვა
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებით, აშშ ყურადღებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის საქმეს.
დეგნანის თქმით, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს, რომ დაცული იყოს სააკაშვილის ჯანმრთელობა და მისი უფლებები, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლება.
ამასთან, კელი დეგნანი აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის ოფისმა სააკაშვილთან დაკავშირებით სამაგალითო სამუშაო შეასრულა.
„აშშ დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს სააკაშვილის საქმეს. ჩვენ რეალურად ვაქებთ ომბუდსმენის ოფისის მიერ შესრულებულ სამუშაოებს, ეს ნამდვილად იყო სამაგალითო სამუშაო, როდესაც მონიტორინგს უწევდნენ მის სიტუაციას და უზრუნველყოფდნენ, რომ სააკაშვილის უფლებები დაცული ყოფილიყო. ომბუდსმენის ოფისის წარმომადგენლები სააკაშვილს ორჯერ ესტუმრნენ უკანასკნელ კვირაში. საბოლოო ჯამში, მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს ბატონი სააკაშვილის ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობის დაცვა, მისი სამედიცინო საჭიროებების დაკმაყოფილება და მისი უფლებების დაცვა, მათ შორის სამართლიანი სასამართლოს უფლების. ჩვენ ველოდებით იმის ნახვას, რომ ეს საკონსტიტუციო ვალდებულება და პასუხისმგებლობა დაცულია“, – განაცხადა კელი დეგნანმა.