კელი დეგნანი - აშშ წლებია, მუშაობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმაზე, ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კარგი რეფორმის ძალისხმევა
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა კომენტარი გააკეთა იმ რეკომენდაციებზე, რომლების აშშ-ის საელჩომ სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით მოამზადა.
როგორც კელი დეგნანმა აღნიშნა, აშშ წლების განმავლობაში მუშაობს საქართველოსთან სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით.
„ბოლო ათწლეულის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი პროგრესი, ჩვენ ვნახეთ ზოგიერთი კარგი რეფორმის ძალისხმევა. ყველამ იცის, რომ უფრო მეტია გასაკეთებელი, ეს არასდროს ყოფილა დებატების საგანი, ასე რომ, ცოტათი თავსატეხია, რატომ არის ახლა ამხელა წინააღმდეგობა იმ საკითხთან დაკავშირებით, რასაც წლების განმავლობაში ყველა ამბობდა, რომ საჭირო იყო გაგრძელება, რომ სასამართლო სისტემა იყოს მიუკერძოებელი, დამოუკიდებელი. ამ შემთხვევაში ჩემთვის დამაბნეველია, რატომ არსებობს შეკითხვები კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომლებიც წლებია, მიმდინარეობს არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, არამედ სხვა სამართლის ექსპერტებთან, ქვეყნის შიგნით და გარეთ. სწორედ ეს კონსულტაციების პროცესი აისახება სასამართლო სისტემის გაუმჯობესებაზე.
უფრო მეტია გასაკეთებელი და ეს მოიცავს ვალდებულებას, რაზეც საქართველოს პოლიტიკური ლიდერები, უკვე შეთანხმდნენ, რომ ასეთი გაუმჯობესება საჭიროა. არსებობს ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, ეუთო/ოდირის რეკომენდაციები, რომელიც არის საერთაშორისო რეკომენდაციები გლობალურად, ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის საქართველო და სხვა ქვეყნებისთვის. ბევრმა შეასრულა, ბევრმა არა, ეს იგივე ნაბიჯებია, იგივე რეფორმები, რომელზეც საქართველოს ლიდერები დათანხმდნენ, რომ შეასრულებდნენ, 19 აპრილის შეთანხმებაში, მანამდეც, მერეც. ზოგიერთი მათგანი ახლა განიხილება“, – განაცხადა დეგნანმა.
მოძრაობა „ხალხის ძალის“ წარმომადგენლებმა გუშინ გაავრცელეს განცხადება, სადაც აღნიშნულია: „აშშ-ის საელჩოს დოკუმენტი ამყარებს ჩვენს დასკვნას, რომ მისი ძალისხმევა მიმართულია ინსტიტუტების დასუსტებისა და რადიკალური ოპოზიციის გაძლიერებისკენ“.