კელი დეგნანი - აშშ საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს
ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს გამოუგზავნის, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ვიდეომიმართვაში აცხადებს.
ელჩის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მრავალ უწყებას შეაქვს წვლილი საქართველოს დახმარების საქმეში, მათ შორის საქართველოს ეხმარება ამერიკის თავდაცვის დეპარტამენტიც.
„საელჩოს თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო გეგმავს 100 000 ლარის ოდენობის პერსონალური დამცავი აღჭურვილობის შეძენასა და ჯანდაცვის სამინისტროსთვის გადაცემას“, – განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, აღნიშნული ნივთები ქართული კომპანიისგან იქნება შესყიდული.
„ჩვენ ვიპოვეთ ქართული კომპანია, რომელიც აწარმოებს ნივთებს, რომელიც ასე ძალიან სჭირდება სამინისტროს. ასე რომ, ჩვენ შეგვიძლია, ვიყიდოთ ის, რაც ქართველებს სჭირდებათ, ქართველი მწარმოებლებისგან, ეს კი ორმაგად მომგებიანია“, – აცხადებს კელი დეგნანი.
ელჩის ინფორმაციით, აშშ საქართველოს სწრაფი ტესტების კომპლექსტაც გადასცემს.
„ასევე ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გამოუგზავნის 2000 ერთეულ მაღალი ხარისხის სწრაფი ტესტის კომპლექტს, რომელსაც რამდენიმე საათში შეუძლია, ვირუსის დადგენა“, – აღნიშნა ვიდეომიმართვაში საქართველოში აშშ-ის ელჩმა.
ამასთან, მისი თქმით, აშშ-ის დაავადებათა კონტროლის ცენტრები, თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტო და უოლტერ რიდის სახელობის სამხედრო კვლევითი ინსტიტუტი ახორციელებს მნიშვნელოვან სამუშაოს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან პარტნიორობით. როგორც კელი დეგნანი განმარტავს, მათი საქმიანობა ხელს უწყობს „კოვიდ-19“-ის სადიაგნოსტიკო ტესტირების შესაძლებლობის განვითარებას ლუგარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევით ცენტრში.
ელჩი დეგნანი სახლიდან ჩართვისას ყვება, როგორ ეხმარება შეერთებული შტატები საქართველოს COVID-19-ის მიმდინარე კრიზისთან ბრძოლაში. მან ისაუბრა ამერიკელი ხალხის 140 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარებაზე, რომელიც მიმართული იყო საქართველოსთვის უნარიანი, მტკიცე და პროფესიონალური ჯანდაცვის ეროვნული სისტემის შექმნისკენ. ასევე, ელჩმა აღნიშნა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) უახლესი დახმარება, 1.1 მილიონი დოლარი, რომელიც ჯანდაცვას მოხმარდება.